20 აპრილი 2024,   04:08
ვრცლად
ეს ეხება ყველას, იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარია სოციალური დისტანცირება - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა "ღამის კურიერის" ეთერში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე 70-ზე მეტი ნიმუშის პასუხს ელოდებიან და არაა გამორიცხული ხვალ დილისთვის ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდოს:

"ჩვენ გვაქვს 49 დადასტურებული შემთხვევა, თუმცა ამ ღამით 70-ზე ცოტა მეტი ნიმუშის კვლევის პასუხებს ველოდებით ლუგარიდან, ქუთაისიდან, ინფექციური საავადმყოფოდან და შესაძლებელია, დილისთვის ეს ციფრი შეიცვალოს," - განაცხადა გამყრელიძემ, მისი თქმით, მომავალ კვირაში არის მოლოდინი, რომ 3 ადამიანი ვირუსისგან გამოჯანმრთელდება და ისინი 2 კვირით თვითიზოლაციის რეჟიმში გადავლენ.

გამყრელიძის თქმით, კრიტიკულ მდგომარეობაში, ანუ ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე არცერთი პაციენტი არაა, თუმცა რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მაინც საყურადღებოა, მათი ასაკის გამო.

გამყრელიძემ მკურნალობის მეთოდებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ძირითადად სიმპტომური მკურნალობა მიმდინარეობს

"ეს არის ძირითადად სიმპტომური მკურნალობა, ჩვენები უკვე დიდი ხანია წარმატებით ხმარობენ იმ პრეპარატს, რომელიც ჩინეთში იქნა გამოყენებული ფართო მასშტაბით ეს არის ხლოროხინის ერთ-ერთი სახე, ცნობილი ანტიმალარიული პრეპარატი, კერძოდ პლაქვენილს ხმარობენ," - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, პრეპარატი, რომელიც უშუალოდ ამ ვირუსზე მოქმედებს არ არსებობს, თუმცა ჩინეთში გამოცდილი იქნა ებოლას საწინააღმდეგოდ 2015 წელს შექმნილი პრეპარატი რემდესივერი, რომლის მწარმოებელ კომპანიასაც შესაბამისი მოთხოვნით მიმართა საქართველომაც.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველაზე კარგი ღონისძიება კორონავირუსის გავრცელების შესაფერხებლად არის სოციალური დისტანცირება.

"ეს ეხება ყველას და რეკომენდაცია ეძლევა მთლიანად საზოგადოებას, ეს იქნება მორწმუნე მრევლი თუ ათეისტი, რომ მთავარი ღონისძიება არის სოციალური დისტანცირება," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია რომ ინფიცირებულებმა არ უნდა დამალონ კონტაქტები და დროულად უნდა იქნას ყველა საეჭვო კონტაქტი შესწავლილი.

დღის ამბები