20 აპრილი 2024,   15:46
ვრცლად
ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისი წესების დაცვით ჩვეულ რეჟიმში გრძელდება - m2-ის გენერალური დირექტორი

ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, თავიანთი მუშაობის სამოქმედო გეგმა წარადგინეს. 

სამშენებლო კომპანია m2-ის გენერალური დირექტორის თქმით, არსებულ ვითარებაში ბიზნესიც და მთავრობაც ერთად უნდა დადგეს.

"ერთად დგომით და სოლიდარობით დავძლევთ ამ ვირუსს, სიტუაციას, რომელიც შეიქმნა ქვეყანაში. აღსანიშნავია, რომ, სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ფონზე, საქართველოს მთავრობა ძალიან კარგად უმკლავდება არსებულ ვითარებას, რაც მისასალმებელია და ამის გამო ჩვენ მადლობა გადავუხადეთ მთავრობას" - განაცხადა "m2"-ის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ პრემიერ-მინისტრსა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე ითქვა, რომ მთავრობა მუშაობს დონორ საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას მნიშვნელოვნად დაეხმარება. აგრეთვე, ირაკლი ბურდილაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტები, შესაბამისი წესების დაცვით, ჩვეულ რეჟიმში გრძელდება.

"პრემიერ-მინისტრმა გაგვაცნო არსებული ვითარება და ის ღონისძიებები, რომელსაც მთავრობა გეგმავს. ძალიან ბევრი კარგი ინფორმაცია მივიღეთ იმ კუთხით, რომ მაგალითად, მთავრობა მუშაობს დონორ ორგანიზაციებთან საფინანსო ორგანიზაციებთან, რათა მოიზიდოს საკმაოდ მსხვილი დაფინანსების პაკეტი, ძალიან მალე, რაც საქართველოს ეკონომიკას სერიოზულად წაადგება.

როგორც მთავრობის მეთაურისგან მივიღეთ ინფორმაცია, აქცენტები გაკეთდება ინფრასტრუქტურული პროექტების გაგრძელებაზე, რადგან ინფრასტრუქტურული პროექტები არის შიდა მოთხოვნის წარმოშობის წყარო. თითოეულმა კომპანიამ წარმოადგინა თავისი ხედვა არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, სამოქმედო გეგმები და მთავარი აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ ჩვენ უნდა ვიზრუნოთ ჩვენი თანამშრომლების უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე, იყო იდეების გაცვლა," - განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

მისივე თქმით, კომპანია m2 სამუშაო პროცესში სრულად ითვალისწინებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს.

"ჩვენ კომპანიას გაწერილი აქვს სამოქმედო გეგმა წლის ბოლომდე, არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელსაც მივყვებით. მშენებლობებს არ ვაჩერებთ, სამშენებლო პროცესი ჩვენს ყველა ობიექტზე მიმდინარეობს, ოღონდ ახალი წესებით - თანამშრომლებს ვამოწმებთ დისტანციური თერმომეტრებით, ვურიგებთ მათ პირბადეებს და ვიცავთ იმ ზომებს, რომლებიც რეკომენდებულია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ვიმსჯელეთ ზოგადად არსებულ ვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა დავიცვათ თანამშრომლების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა,"- აღნიშნა m2-ის გენერალურმა დირექტორმა.

დღის ამბები