19 აპრილი 2024,   09:23
ვრცლად
მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების შეწამვლას ხვალიდან 40 ერთეული ავტომობილი დაიწყებს 

მას შემდეგ, რაც მარნეულის და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმი გამოცხადდა, სიტუაციას ადგილზე სამხედროები და პოლიციის დანაყოფები აკონტროლებენ.

ოჯახები ორ ნაწილად - ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გამოცხადების შემდეგ გაიყვნენ. მინიმუმ ორი კვირით, ადამიანებს ტერიტორიის დატოვება მკაცრად ეკრძალებათ, ქუჩებში მობილიზებულია პოლიცია და სამხედრო ძალები. მარნეულისა და ბოლნისის ყველა შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინაციით თავდაცვის სამინისტრომ 12 საკონტროლო გამშვები პუნქტი განათავსა. სამხედრო მოსამსახურეები სპეციალური საშუალებებით არიან აღჭურვილი. პოლიციელები მოქალაქეებს ყველა წესის დაცვისკენ მოუწოდებენ.

ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე შესვლა ყველა იმ პირს შეუძლია, ვინც ადგილზეა რეგისტრირებული, შესვლის დროს პოლიცია მათ აფრთხილებს, რომ უკან გამოსვლას მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში ვერ შეძლებენ. ასევე საპატრულო პოლიციის თანხლებით საზღვრამდე მიდიან ტვირთის გადამზიდავი ავტომობილის მძღოლებიც, რომლებსაც ბოლნისსა და მარნეულში მოქალაქეებთან კონტაქტი მკაცრად ეკრძალებათ. სპეციალური სია მოქმედებს იმ მედიკოსებზე, რომლებიც ტერიტორიაზე მისიით იმყოფებიან. ჩაკეტილი, მკაცრი საკარანტინო რეჟიმიდან მხოლოდ იმ პირებს უშვებენ, ვისაც ამის აუცილებლობა ჯანმრთელობის მდგომარების გამო უწევთ.

იზოლაციაში მოქცეულები ყვებიან, რომ ადგილობრივები წესების დაცვას მაქსიმალურად ცდილობენ და მთავრობის რეკომენდაციას ითვალისწინებენ. მოსახლეობა შინ დარჩენას ამჯობინებს, თითქმის დაცარიელებულია მარნეულის ქუჩებიც. წესების დაცვა ძირითადად ბოლნისსა და მარნეულში ხდება. ინფორმაციის ნაკლებობას განიცდიან მუნიციპალიტეტში შემავალ სოფლებში.

ტერიტორიაზე შესვლის დროს მოქალაქეები სამედიცინო შემოწმებას გადიან, ადგილზე მოწყობილ მცირე ზომის საველე ჰოსპიტალში ინფექციონისტები ცდილობენ გაარკვიონ, ხომ არ ჰქონდა რომელიმე მოქალაქეს იმ ქალთან კონტაქტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის შესასვლელთან განთავსებულ ბლოკ-პოსტთან ავტომობილებს სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით წმენდენ.

ადგილზე განთავსდა სურსათის უვნებლობის სამსახურის სპეციალური ავტომობილიც, რომელიც გამომავალ ავტომობილებს შეწამლავს. ხვალიდან დასავლეთ საქართველოდან ჩასული 40 ერთეულ ავტომობილი მარნეულისა და ბოლნისის ქუჩების შეწამვლას დაიწყებს, პრიორიტეტად ის ადგილები ითვლება, სადაც COVID-19-ით ინფიცირებული გადაადგილდებოდა.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, მთელი ღამის განმავლობაში სამუშაოები მიმდინარეობდა "ჯეო ჰოსპიტალსის" ტერიტორიაზე, სადაც საველე საავადმყოფო განთავსდა. დღის განმავლობაში ადგილზე დამატებითი კარვები გაიშალა, სადაც საჭიროების შემთხვევაში 150 საწოლი იქნება განთავსებული.

ამ დროისათვის რეგიონში უკვე 10 ჯგუფია შექმნილი, რომელიც მოსახლების ჯანრთელობის მდგომარეობას კარდაკარ შეამოწმებს, პრიორიტეტად ის ადგილები ითვლება, სადაც კორონავირუსით დაავადებული ქალი გადაადგილდებოდა. მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, უკვე შეიქმნა მოხალისეების 40-მდე ჯგუფი, რომლებიც სოციალურად დაუცველებსა და მოხუცებს დაეხმარებიან. მხარის გუბერნატორი ამბობს, რომ პრობლემა პროდუქტების მომარაგების ნაწილში არ შექმნილა. მარნეულში იმყოფებოდა საკარანტინო რეჟიმის კოორდინატორი სოზარ სუბარი, რომელიც შესვლის დროს ასევე წესების დაცვით შემოწმდა. ოფიციალური პირები დარწმუნებულები არიან, რომ მოქალაქეები ტერიტორიის დატოვებას მკაცრი კონტროლის გამო თვითნებურად ვერ შეძლებენ.

დღის ბოლოს, მკაცრი კარანტინის ტერიტორიის საკონტროლო გამშვებ პუნქტზე, თავდაცვის მინისტრი იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილი არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გატარებულ მოქმედებებზე დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

დღის ამბები