23 აპრილი 2024,   21:23
ვრცლად
70 ინფიცირებული და 9 გამოჯანმრთელებული - საქართველოში საკარანტინო სივრცეების რაოდენობა იზრდება

პაციენტი ნომერი 45 "კურიერს" ბოქსირებული განყოფილების პალატიდან საკუთარ ისტორიას უყვება. ახალგაზრდა მამაკაცი COVID-19-ით, სავარაუდოდ, ესპანეთში, კუნძულ მალიორკაზე დაინფიცირდა. სტუდენტი სტაჟირებას კუნძულზე ერთ-ერთ სასტუმროში გადიოდა. 

დღეს საავადმყოფო კიდევ ერთმა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა. კორონავირუსით ინფიცირებულთა შორის მძიმეა 4 პაციენტის მდგომარეობა. მათ შორის, ამ დრომდე, კრიტიკულად მძიმეა 67 წლის ქალის მდგომარეობა, რომელიც COVID- 19-ით, სავარაუდოდ, მარნეულში დაინფიცირდა. ექიმები ამ დრომდე მისი სასიცოცხლო პარამეტრების შენარჩუნებას ცდილობენ.

ინფიცირებული 4 პირი მარნეულიდან თბილისში ჩამოყვანილი ქალის ოჯახის წევრია. დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში ამბობენ, რომ ახლო კონტაქტების გარდა, გამოიკვლიეს "ჯეოჰოსპიტალსის" პერსონალიც, სადაც ქალს მკურნალობდნენ.

მარნეულის მაცხოვრებლებს აკვირდებიან ანაკლიის საკარანტინო სივრცეშიც. ისინი ოზურგეთიდან გადაიყვანეს. ცხრიდან არც ერთს ამ დრომდე არ გამოვლენია კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. 

დღეს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. მათგან 2 ავსტრიის მოქალაქეა, რომლებიც სპეციალური თვითმფრინავით უკვე სამშობლოში გადაიყვანეს.

კორონავირუსით ინფიცირებული ხუთი ახალი პაციენტი კი ე.წ ამერიკის კლასტერიდანაა. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 3 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა.

სტაბილურია COVID-19-ით ინფიცირებულ იმ პაციენტთა მდგომარეობა, რომლებიც მკურნალობის კურსს ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გადიან. 5 ინფიცირებულიდან მხოლოდ ერთს აქვს ტემპერატურა. 6 პაციენტის ტესტზე პასუხს ელოდებოდა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფო. ყველა მათგანი უარყოფითი აღმოჩნდა. 

კორონავირუსით ინფიცირებული 4 პირი რჩება საჩხერის სამედიცინო ცენტრში. მათგან ერთის, ახალგაზრდა მამაკაცის, მდგომარეობა შედარებით მძიმეა. 

დღეს კიდევ ერთით გაიზარდა, კახეთის მასშტაბით, საკარანტინო სივრცეების რაოდენობა. ახლა რეგიონში 7 სივრცეა, სადაც 401 ადამიანს აკვირდებიან.

საკარანტინო სივრცეები ფუნქციონირებს წყალტუბოშიც. სულ, საქართველოს მასშტაბით, ასეთი ზონები 59 სასტუმროშია.

განთავსების პირობები სრულად შეესაბამება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებსა და ეროვნულ კანონმდებლობას.

დღის ამბები