01 აპრილი 2020,   22:34
ვრცლად
დავით ზალკალიანმა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასაბრუნებლად სპეცრეისების ​მორიგი განრიგი წარმოადგინა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად ავიაფრენებთან დაკავშირებით შექმნილ გრაფიკზე ისაუბრა.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ განრიგით განსაზღვრული ფრენების ბილეთები ეტაპობრივად იქნება ხელმისაწვდომი და ინფორმაცია ამის შესახებ, რეისამდე დღით ადრე გახდება ცნობილი.

"პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ავიაკომპანია "საქართველოს" ავიახაზები საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით ეტაპობრივად განახორციელებს.

უკვე განხორციელდა 2 ფრენა: 23 მარტს თბილისი-ბერლინი-ბათუმის მიმართულებით და 24 მარტს ათენი-თბილისი-ათენის მიმართულებით, რომელიც შეასრულა "ეგეოის" ავიახაზებმა. ამ ორი რეისით საქართველოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.

რაც შეეხება შემდეგ განრიგს, ის ასეთი გახლავთ:

26 მარტი - თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით;

31 მარტს - თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით;

3 აპრილს - თბილისი-ვარშავა-თბილისის მიმართულებით;

7 აპრილს - თბილისი-ათენი-თბილისის მიმართულებით;

10 აპრილს - ლარნაკა-თბილისის მიმართულებით.

მგზავრთა ნაკადის ორგანიზებულად მართვის და მოქალაქის საჭიროებაზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია რეისამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდება," - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

დღის ამბები