18 აპრილი 2024,   06:40
ვრცლად
მრევლისთვის მონიშნული სპეციალური ადგილები და რეკომენდაციები - ეპარქიებში სააღდგომო დღესასწაულის სამზადისია

სამების საკათედრო ტაძარში მრევლისთვის ადგილებს ნიშნავენ. საპატრიარქოს მიერ გავრცელებული განცხადებიდან მალევე, სამებაში რეკომენდაციების შესრულებას სასულიერო პირების შეუდგნენ. მთელი ტაძრის ტერიტორიაზე 2 ათასი სტიკერი კვირის ბოლომდე გაიკვრება. მრევლის გარდა, 2 მეტრიან დისტანციაზე, თეთრ ქაღალდზე დგომა მოუწევთ სასულიერო პირებსა და მედიის წარმომადგენლებს.

სამების შიდა ტერიტორიის გარდა, მრევლისთვის ადგილების მონიშვნა ხდება ტაძრის ეზოშიც, სადაც საეკლესიო ღვთისმსახურებას მორწმუნეები ხმის გამაძლიერებლებით მოისმენენ.

დისტანციის დაცვა მკაცრად გაკონტროლდება სხვა ტაძრებშიც, მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში მთელი ეზო გვირილებით მოხატეს, სწორედ ამ ყვავილებზე დადგება მრევლი. 2 მეტრიან დისტანციას უკვე მთელი კვირაა მკაცრად აკვირდებიან სიონის ტაძარში. სასულიერო პირები, საპატრიარქოს განცხადებას იზიარებენ და მზად არიან რეკომენდაციების შესრულებას დროულად შეუდგნენ. სხვა ეკლესიების მსგავსად, სიონში ღვთისმსახურების ხმას მრევლი ეზოშიც გაიგებს.

სააღდგომო დღესასწაულების სამზადისია ყველა ეპარქიაში. სასულიერო პირები და მონასტრის წევრები მრევლის დასახვედრად ემზადებიან. ტაძრების ეზოებში ხმის გამაძლიერებლები მონტაჟდება. მღვდლები მზად არიან რისკჯგუფებთან, ინფიცირებულებთან და 60 წელს გადაცილებულ პირებთან საზიარებლად თავად მივიდნენ.

გასულ კვირას თითქმის ყველა ტაძარში მრევლს შორის დისტანცია დაცული იყო. ადამიანები ღვთისმსახურებას 2 მეტრიანი დისტანციით იცავდნენ, პროცესს კი სტიქაროსნები აკვირდებოდნენ. ტაძრების ნაწილში წირვის ხმა ღია ცისქვეშ ისმოდა. ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი ამბობს, რომ აუცილებელია
სასულიერო პირების გარდა, წესები ეკლესიაში მისულმა მრევლმა დაიცვას.

სააღდგომო დღესასწაულებისთვის ეკლესიაში დაწყებული მზადება დღეს დასკვნით ფაზაში მას შემდეგ გადავიდა, რაც საქართველოს საპატრიარქომ კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა.

საპატრიარქო მოუწოდებს მრევლს, ვისაც ჯანმრთელობა არ უწყობს ხელს, დარჩნენ სახლში. გავრცელებული განცხადების მიხედვით, ტაძარში მსახურებაზე დასწრება შეეზღუდებათ მათ, ვისთვისაც ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია.

დღის ამბები