20 აპრილი 2024,   08:08
ვრცლად
საფრანგეთსა და ესპანეთში მყოფი ქართველები საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს 

საფრანგეთსა და ესპანეთში მყოფი ქართველები საქართველოს საელჩოებმა დროებითი საცხოვრებლით და პირველადი საჭიროებებით უზრუნველყვეს.საგარეო საქმეთა სამინისტროს  განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს. 

"კორონავირუსის გავრცელების გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების შედეგად, საქართველოში გამომგზავრების შესაძლებლობას დროებით მოკლებული საქართველოს მოქალაქეები საფრანგეთის რესპუბლიკასა და ესპანეთის სამეფოში საქართველოს საელჩოების ძალისხმევით, საცხოვრებლით და პირველადი საჭიროების პროდუქტებით უზრუნველყვეს. 

მოქალაქეებმა დახმარების თხოვნით საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საელჩოების ცხელ ხაზს მიმართეს.

საფრანგეთში საქართველოს საელჩომ უზრუნველყო პარიზიდან მომავალი გადადებული რეისის საქართველოს მოქალაქეების დაბინავება. ასევე, დაბინავებულები არიან ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამის მონაწილეები. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პროგრამა, ყველასათვის ცნობილი მიზეზების გამო, სამწუხაროდ შეჩერებულია, საელჩო ცდილობს, რომ მათზე მაქსიმალურად იზრუნოს. 

საქართველოს მოქალაქეები საცხოვრებლით, საკვებითა და პირველადი საჭიროების ნივთებით ასევე უზრუნველყო ესპანეთში საქართველოს საელჩომ და ქ. ბარსელონაში გენერალურმა საკონსულომ. ქართველ სტუდენტებს დახმარება გაეწიათ რეისების მოძიებაში და ესპანეთიდან გამგზავრებაში. საელჩო და გენერალური საკონსულო მუდმივ კავშირზე რჩება კორონავირუსით ინფიცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან, შეძლებისდაგვარად უწევს დახმარებას და ახდენს მათ კომუნიკაციას მედიკოსებთან კონსულტაციის გაწევის მიზნით.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის განკუთვნილი ადგილსამყოფელის ხარჯებს საქართველოს საელჩოები საკუთარი სახსრებით ანაზღაურებენ. საფრანგეთსა და ესპანეთში დახმარება გაეწია რამდენიმე ათეულ საქართველოს მოქალაქეს.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება." - ნათქვამია განცხადებაში.  

დღის ამბები