20 აპრილი 2024,   02:47
ვრცლად
მსოფლიო ბანკი საქართველოს 45 მილიონ ევროს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ დღეს საქართველოში "ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის" 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა - ინფორმაციას  მსოფლიო ბანკი ავრცელებს.

ამ პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელებას ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისთვის სხვადასხვა სფეროში. ის ასევე დაეხმარება ქვეყანას შეამსუბუქოს COVID-19-ის პანდემიის ეკონომიკური გავლენა.

ყურადღება გამახვილებულია: საჯარო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე, კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე, უფრო კონკურენტული ბაზრების პოპულარიზაციაზე, ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე, მასწავლებლის ანაზღაურების გაუმჯობესებასა და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

"ეს პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკრო-ფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები, ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესაბასა და ასევე, COVID-19-ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში," - განაცხადა მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში სებასტიან მოლინეუსმა.

მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ "განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები" შეესაბამება საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიას და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტს.

დღის ამბები