19 აპრილი 2024,   17:06
ვრცლად
მსოფლიო კარანტინში - ნახევარ მილიონზე მეტი ინფიცირებულიდან 154 ათასი გამოჯანმრთელდა

ამერიკა კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობით უკვე პირველ ადგილზეა. COVID-19-ის გავრცელებით მან ჩინეთსა და იტალიას გადაუსწრო.

ბოლო მონაცემებით, ინფიცირებულია 85 000-ზე მეტი მოქალაქე, გარდაიცვლილია 1 100 პაციენტი. თეთრ სახლს პეკინის მიერ გამოქვეყნებული ციფრების არ სჯერა. ამერიკის შეერთებული შტატები არაკანონიერი გადასასვლელების გაკონტროლების მიზნით, კანადასთან არსებულ საზღვარზე ამერიკის სამხედრო დანაყოფების განთავსების ნებართვას ითხოვს. ამერიკისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის კორონავირუსთან დაკავშირებით საუბარი შედგა. ორი ქვეყნის პირველი პირი ახალ ინიციატივასაც ამზადებს, ამის შესახებ მაკრონმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

ბრიტანეთის პოლიტიკური ელიტის პირველი პირები ვირუსს ებრძვიან. დღეს COVID-19 დაუდასტურდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს. ბორის ჯონსონმა ამის შესახებ "ტვიტერზე" თავად დაწერა. ვირუსის დიაგნოზი ქვეყნის ჯანდაცვის მდივანსაც დაუსვეს. მანამდე კი კორონავირუსი პრინც ჩარლზსაც დაუდგინდა, მონარქი ახლა თვითიზოლაციაშია. ამ დროსათვის დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით თითქმის 12 000 ადამიანია ინფიცირებული. ვირუსმა 578 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

კვლავ მძიმე ვითარებაა ევროპაში. იტალიაში ბოლო 24 საათში 900-ზე მეტი  ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვმა 9 000-ს გადააჭარბა. სულ ქვეყანაში ინფიცირებულია 90 ათასამდე ადამიანი. განიკურნა 10 300-ზე მეტი. იტალიელი პაციენტების დახმარების მზაობას გამოთქვამს გერმანია. თავად გერმანიას კი 43 000-ზე მეტი ინფიცირებული ჰყავს, გარდაცვლილია 267 მოქალაქე. ბოლო ერთ დღეში ესპანეთში დაიღუპა 700-ზე მეტი. სულ კი ინფიცირების 58 000 შემთხვევა დაფიქსირდა.

კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა კრემლშიც. ინფორმაცია პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა დაადასტურა. საერთაშორისო მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ კრემლში ინფიცირებული რამდენიმე პირია, თუმცა პესკოვი მხოლოდ ერთს ადასტურებს. პრეზიდენტის პრესსპიკერის განმარტებით, ვლადიმერ პუტინს ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია. რუსეთში ეპიდაფეთქებისთვის ემზადებიან და რეგიონებში სტაციონარებს ამზადებენ. კორონავირუსი დაუდგინდა მოსკოვიდან დაბრუნებულ "რამშტაინის" სოლისტს, ამ დროისთვის ტილ ლინდემანი ბერლინის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფება.

სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. ვირუსით დაღუპულთა რაოდენობამ თურქეთში 75-ს მიაღწია. გარდაცვალების მესამე ფაქტი დადასტურდა აზერბაიჯანში. ინფიცირებულთა რიცხვი მატულობს სომხეთშიც. პანდემიის გამო საზღვრები ჩაკეტა უკრაინამ.

"ჩვენ ომში ვართ და ვირუსი განადგურებით გვემუქრება,"- ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორმა ვირტუალურ სამიტზე განაცხადა.

ევროპარლამენტმა კი, ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის ეპიდემიის ფონზე შექმნილი ეკონომიკური კრიზისის დასაძლევად ევროკომისიის მიერ წარდგენილი საგანგებო ზომების პაკეტი დაამტკიცა. მისი მიზანია, რაც შეიძლება სწრაფად განხორციელდეს 37 მილიარდი ევროს მობილიზება ევროპული ფონდებიდან, რომელიც იმ მოქალაქეებს, რეგიონებსა და ქვეყნებს მოხმარდება, სადაც პანდემიისგან ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

დღის ამბები