31 მაისი 2020,   07:48
ვრცლად
11 658 დაინფიცირებული და 578 გარდაცვლილი - ბრიტანეთში კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ბოლო შედეგები

ასეთი ცარიელი "ქოვენთ გარდენი" ისტორიას არ ახსოვს. ლონდონში ჩასული ტურისტებისთვის ერთ-ერთი მიმზიდველი ადგილი, სადაც მაღალი კლასის ბრენდული მაღაზიები ქუჩის მოვაჭრეებს ერევიან, მომღერლები და მოცეკვავეები სტუმრებს პერფორმანსებს ყოველ ნაბიჯზე სთავაზობენ, ახლა მიტოვებულ ქალაქს ჰგავს.

ასეთი შედეგი ბორის ჯონსონის მოწოდებას მოჰყვა, სადაც პრემიერმა მოსახლეობას ერთმანეთისგან დისტანცირება და საზოგადოების თავშეყრის ადგილების თავის არიდება სთხოვა. "ქოვენთ გარდენის" სამეფო ოპერის თეატრმა, მთავრობის რეკომენდაციის საპასუხოდ, სეზონი გაურკვეველი ვადით გადადო და დაგეგმილი წარმოდგენები გააუქმა. იგივე გადაწყვეტილება მიიღო ქვეყანაში არსებულმა ყველა თეატრმა თუ კინოთეატრმა.

მფლობელებს ჯერ ოფიციალურად არ დაუხურავთ კაფე-რესტორნები, თუმცა ეს გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, გარდაუვალია. ლონდონის ცენტრში არსებულ თითქმის ყველა რესტორანში ერთი სურათია - ცარიელი მაგიდები და უფუნქციოდ დარჩენილი თანამშრომლები. დახურვის საფრთხის წინაშეა მცირე ბიზნესიც.

"დაუნინგ სთრითის" 10 ნომერში ახლა სწორედ ამ გამოწვევებზე ამზადებენ პასუხებს.  ისტორიულ შენობაში ახლა ქვეყნის ბედი წყდება. მთავრობა ამბობს, რომ ომშია კორონავირუსთან და ამ უპრეცენდენტო ვითარებას მოზომილი და ფრთხილი ნაბიჯებით პასუხობს. სკოლებისა და საბავშვო ბაღების დახურვის გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. არ არის შემოღებული შეზღუდვები გადაადგილებასთან დაკავშირებითაც.

კორონავირუსის სიმპტომების, მაღალი სიცხისა და ხველების, მქონე მოსახლეობას სახელმწიფო სახლში 14 დღით დარჩენას სთხოვს. 70 წელს გადაცილებულებს, ორსულებსა და დასუსტებული იმუნიტეტით ადამიანებს კი თვითიზოლაციისკენ მოუწოდებს. ბორის ჯონსონის მთავრობის კაბინეტმა მოსახლეობის დაუმორჩილებელი ნაწილისთვის სადამსჯელო ღონისძიებების დაწესების გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

რადიკალური ნაბიჯებისგან თავის არიდების გამო ბორის ჯონსონის მთავრობა მწვავე კრიტიკის სამიზნეა. საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ მთავრობა საკმარისად მკვეთრი არაა და კორონავირუსთან ბრძოლაში ძვირფას დროს აგებს. ეროვნული ჯანდაცვის სისტემის მოუმზადებლობაზე საუბრობენ ექიმები და ექთნები. მეოთხე არხის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, რომელმაც NHS-ის ათასამდე თანამშრომელი გამოკითხა, ბრიტანეთის ეროვნული ჯანდაცვის სისტემა კორონავირუსის ტალღისთვის მზად არ არის.

ავტორი: ელენე ფირცხალაიშვილი

 

დღის ამბები