25 აპრილი 2024,   09:05
ვრცლად
დიდი რაოდენობის ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის დასაცავად - პრემიერი

ზუგდიდში, ახლადაშენებულ კლინიკაში საკარანტინო ზონა მოეწყობა. რუხის საუნივერსიტეტო კლინიკა უახლოეს დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების მისაღებად მზად იქნება. საავადმყოფო ერთდროულად კორონავირუსით ინფიცირებული ასი პაციენტის მომსახურებას შეძლებს. გადაწყვეტილების შესახებ ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა, ზუგდიდში ისაუბრა. გიორგი გახარიამ რეგიონში მცხოვრებ თითოეულ მოქალაქესა და მედიკოსს მოუწოდა, სრული მობილიზება გამოაცხადონ.

"ეს საავადმყოფო აშენდა, როგორც მრავალფუნქციონალური საავადმყოფო, საკმაოდ სერიოზული შესაძლებლობებით და მოგეხსენებათ, რომ დღემდე ეს არ იყო გაშვებული. დღეს სამწუხარო მდგომარეობა და სერიოზული გამოწვევა გვაქვს, ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რამდენად სწრაფად შეიძლება ამ საავადმყოფოს ამოქმედება უახლოეს პერიოდში.

აქ ამოქმედება 100-მდე ადგილი, რომელიც შეძლებს პოტენციურად მოემსახუროს კორონავირუსით ინფიცირებულ ჩვენს მოქალაქეებს და ასევე შესაძლებლობა იქნება საკარანტინო ზონების ფუნქციონირების. ჩვენთვის მთავარია, რომ ეს ყველაფერი მაქსიმალურად სწრაფად ავამოქმედოთ. მე მოვუწოდებ ამ რეგიონის მკვიდრ თითოეულ მედიკოსს, ექიმს, რომ სრული მობილიზება უნდა გამოვაცხადოთ.

ჩვენ არ ვსაუბრობთ მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე, ჩვენ ვსაუბრობთ სრულიად საქართველოზე და კარგად გვესმის, რომ ამ საავადმყოფოს ფუნქციონირებას აქვს სხვა დატვირთვაც, მოგეხსენებათ დიდი რაოდენობის ხალხი გადმოდის საოკუპაციო ხაზის მიღმა ტერიტორიებიდან და ჩვენ, ჩვენს თითოეულ მოქალაქეს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მივეხმარებით. აქ იქნება ჩეულებრივი რეჟიმი, ყველა ადამიანი რომელიც საოკუპაციო ხაზს გადმოკვეთს, ვისაც სჭირდება სამედიცინო დახმარება, მიიღებს სამედიცინო დახმარებას, ვისაც სჭირდება საკარანტინო ზონა მიიღებს საკარანტინო ზონას, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს, ეს კრიტიკულად მნშვნელოვანია და ეს არის ძირითადი ფუნქცია და მისია ამ მძლავრი სამედიცინო ცენტრის ამოქმედების," - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

დღის ამბები