კვლავ მძიმე სურათია ევროპაში, რომელიც მსოფლიო რუქაზე ისევ წითელი ზონაა. გაზრდილი ინფიცირების შემთხვევების გამო ევროპელი ლიდერები ერთმანეთს კორონავირუსთან ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებენ. იტალია, რომელიც ფატალური შემთხვევებით მსოფლიოში პირველ ადგილზეა, მსოფლიოს სწრაფი რეაგირებისკენ მოუწოდებს.
"იმოქმედეთ, სანამ გვიანი არ არის. ყველამ უნდა გააცნობიეროს, თუ რამდენად სერიოზული საფრთხის წინაშეა ევროპა. სოლიდარობა არა მხოლოდ ევროკავშირის ფასეულობაა, არამედ საერთო ინტერესია. ევროპას სჭირდება ახალი ზომების მიღება იმისთვის, რომ კორონავირუსს გაუმკლავდეს. ახალი ინიციატივები უნდა დავუპირისპიროთ ძველ მეთოდებს, რომლებიც ამ დრამატულ სიტუაციას აღარ შეეფერება," - განაცხადა სერგიო მატარელამ.
ერთმანეთის სოლიდარობისკენ მოუწოდებს ევროპის ქვეყნებს გერმანიის პრეზიდენტი. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი აცხადებს, რომ ევროპის მომავალი ერთმანეთის იზოლაციაში ყოფნა არ არის.
"ჩვენი მომავალი ერთმანეთისგან იზოლაციაში არ არსებობს, ჩვენი მომავალი ერთიან ცოდნაშია. ევორპელმა ლიდერებმა კრიზისის დაძლევისთვის მარტო არ უნდა იმოქმედონ. ჩვენ ჩვენი საზღვირს მიღმა უნდა გავიხედოთ. ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება. საჭიროა მთავრობებმა მეტი ევროპული სოლიდარობა გამოავლინონ," - განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.
მექსიკაში კი, მთავრობის გადაწყვეტილებით, მეტროებში სპეციალური ეკრანები დამონტაჟდა, როლებიც მგზავრებს ტემპერატურას გაუზომავს. ქვეყანაში 155 მეტროსადგურია და მეტროთი 5 მილიონი ადამიანი გადაადგილდება.
მექსიკაში ინფიცირების 717 შემთხვევაა, აქედან 132 ახალი დაფიქსირებულია.