06 ივნისი 2020,   20:42
ვრცლად
საგარეო უწყება იორდანიაში ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეების შესახებ განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოს საელჩო იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში აქტიურად არის ჩართული იორდანიაში მყოფი საქართველოს 18 მოქალაქის საკითხის მოგვარებაში.

"საელჩო ყოველდღიურ რეჟიმში კავშირზეა მათთან, ინფორმირებულია მათი მდგომარეობის და საჭიროებების შესახებ და შესაბამისად ცდილობს აღმოუჩინოს მათ დახმარება. საელჩომ მოქალაქეებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებები გადასცა.

საქართველოს მოქალაქეების მოთხოვნას საქართველოში დაბრუნებასთან დაკავშირებით, ხელს უშლის სამეფოში და მსოფლიოში საჰაერო მიმოსვლაზე ამოქმედებული შეზღუდვები. ქვეყანაში დაკეტილია საჰაერო სივრცე და ფრენებს ვერ ახორციელებს ვერც ერთი ავიაკომპანია. შეზღუდვა ასევე ვრცელდება საკუთარი მოქალაქეების მიღებაზე.

საქართველოს საელჩო ასევე კავშირზეა ამანში მეგობარი ქვეყნების საელჩოებთან და ყველა ზომას მიმართავს, რათა მოქალაქეებს დახმარება აღმოუჩინოს სამშობლოში დაბრუნებაში. საელჩო აგრძელებს მუშაობს ამ მიმართულებით, კავშირზე რჩება მოქალაქეებთან და მზად არის აღმოუჩინოს მათ მაქსიმალური დახმარება ამ ეტაპზე არსებული შესაძლებლობების ფარგლებში.

მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი საკოორდინაციო საბჭოს მითითებით, მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე არიან გადასული საქართველოს მისიები საზღვარგარეთ, რათა ოპერატიულ რეჟიმში მოახდინონ უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარება," - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები