25 აპრილი 2024,   09:25
ვრცლად
კახეთში ქმრის მიერ დაჭრილი ქალის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა - ახალგაზრდა მამაკაცს ბრალს ხვალ წარუდგენენ

ქმრის მიერ კახეთში დაჭრილი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა. 

მას რამდენიმე საათიანი ქირურგიული ოპერაცია გურჯაანის "ჯეო ჰოსპიტალსის" საავადმყოფოში გუშინვე ჩაუტარდა. ექიმის ინფორმაციით, ქალი გულ-მკერდის არეში მიყენებული დაზიანებებით რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

ამავე საავადმყოფოშია შვილის მკვლელობაში და ცოლის დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული 24 წლის ივანე ნოზაძეც. მან მომხდარის შემდეგ ცივი იარაღით თვითდაზიანებები მიიყენა და ფილტვზე ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

24 წლის მამაკაცს ბრალს სავარაუდოდ ხვალ წარუდგენენ.

შეგახსენებთ, მკვლელობა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში გუშინ მოხდა.
ახალგაზრდა კაცმა ცივი იარაღით ჯერ 3 თვის ჩვილს სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი ცოლი იმავე იარაღით დაჭრა. ბავშვი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ სავარაუდო ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა. ის საჩხერიდანაა და სოფელ ვეჯინში სტუმრად იმყოფებოდა.

დღის ამბები