29 მაისი 2020,   00:52
ვრცლად
ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ყველა ჩვენი მოქალაქე ჯერ გადის თვითიზოლაციას და თუ საჭირო იქნება კარანტინს - ზუგდიდის მერი

ზუგდიდის მერი გიორგი შენგელია მუნიციპალიტეტში გამკაცრებული ზომების შესახებ საუბრობს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსული ყველა ჩვენი მოქალაქე ჯერ თვითიზოლაციას და საჭიროების შემთხვევაში კარანტინს გადის.

"აფხაზეთიდან გადმოსული ყველა ჩვენი მოქალაქე ჯერ გადის თვითიზოლაციას და თუ საჭირო იქნება კარანტინს. 2 კვირის შემდეგ კი, მათ თავისუფლად გადაადგილება შეუძლიათ. იძულებული გავხდით საგანგებო მდგომარეობის პირობებში კიდევ უფრო გაგვემკაცრებინა გადაადგილება ჩვენს მუნიციპალიტეტში. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება დღეიდან მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა შეწყდეს, მანამ სანამ საგანგებო მდგომარეობა იქნება. 

ასევე ჩვენს მუნიციპალიტეტში, ცაცხვის ადმინისტრაციულ ერთეულში, ქალაქის შემოსასვლელში მოეწყობა საპოლიციო ბლოკ-პოსტი, სადაც მოქალქეებს შეამოწმებენ," - განაცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ.

მარნეულისგან განსხვავებით, სამეგრელოში კარანტინი არ ცხადდება, კონტროლი წესდება საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მოქმედი რეგულაციების შესრულებაზე.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრების მიზეზი მოქალაქეების მხრიდან რეკომენდაციების დარღვევა და ოკუპირებული ტერიტორიიდან, მდინარე ენგურის გავლით მოქალაქეების უკონტროლო გადმოსვლაა, რომლებიც ასეთ შემთხვევაში სამედიცინო შემოწმებას ვერ გადიან.

დღის ამბები