28 მაისი 2020,   08:07
ვრცლად
პოლიციელები ზუგდიდში ყველა ავტომობილს აჩერებენ, მგზავრებს აწვდიან ინფორმაციას, რომ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ყოფნა აკრძალულია

პოლიციელები ზუგდიდში ყველა გამვლელ ავტომობილს აჩერებენ და აწვდიან ინფორმაციას, რომ ავტომობილში 3-ზე მეტი პირის ყოფნა აკრძალულია. იმ შემთხვევაში კი, თუ მძღოლს გვერდით ვინმე უზის, მას უწევს ავტომობილიდან გადმოსვლა და მგზავრის უკანა სავარძელზე გადაადგილება. კიდევ ერთი მითითება არის პირბადის მოხმარება, რომელსაც მოქალაქეები ასრულებენ და წესებს ემორჩილებიან. 

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული მითითება ისე გავიგოთ, როგორც ამას გვეუბნებიან. არსებული მდგომარეობა ყველამ უნდა აღვიქვათ," - აცხადებს ადგილობრივი. 

პარალელურად შექმნილია მობილური ჯგუფები, რომლებიც კარდაკარ დადიან და ოჯახებს ამოწმებენ. პირველ ეტაპზე პრიორიტეტია ზედა ეწერი, სადაც ის ინფიცირებული მამაკაცი ცხოვრობდა, რომელიც ახლა ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს.

"დღეს გამოვიკვლიეთ 106 პირი. არცერთს არ დაუდგინდა მაღალი სიცხე, ყველა დავამშვიდეთ და ავუხსენით თვითიზოლაციის წესები,"- აღნიშნა ერთ-ერთმა ექიმმა. 

ერთ-ერთი ოჯახის წევრი, სადაც მედიკოსები მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის გადასამოწმებლად იმყოფებოდნენ, ამბობს, რომ ეს პროცედურა ყველა ოჯახმა უნდა გაიაროს. 

"პროცედურა ჩვეულებრივი წესით ჩატარდა ჩვენს ოჯახში. ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი შემოწმება გაიაროს," - აცხადებს ადგილობრივი.

დღის ამბები