19 აპრილი 2024,   22:03
ვრცლად
თავდაცვის სამინისტროს დასუფთავების სამსახურის 6 თანამშრომლის დაინფიცირების სავარაუდო წყარო დადგენილია

თავდაცვის სამინისტროს დასუფთავების სამსახურის 6 ინფიცირებული თანამშრომლის ირიბი თუ პირდაპირი კონტაქტები მოძებნილია. მათთან კავშირში მყოფი 8 პირი შემოწმების მიზნით გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

იდენტიფიცირებულია ვირუსის გადადების წყაროც. ერთ-ერთი ინფიცირებული პაციენტის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელება სავარაუდოდ აზერბაიჯანიდან ჩამოსულ ოჯახის წევრს უკავშირდება.

ეროვნული გვარდიის სამოქალაქო ოფისის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები მკურნალობას გორის ჰოსპიტალში გადიან. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, ისინი 21 მარტიდან თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. სამინისტროში იმასაც განმარტავენ, რომ თანამშრომელთა ნაწილი მუშაობის დისტანციურ რეჟიმზეა გადასული, თავდაცვის ძალები კი ყაზარმულ რეჟიმზე არიან.

გორის გარდა, ინფიცირებულ პაციენტებს მკურნალობენ ბათუმში, ქუთაისში, საჩხერესა და ზუგდიდში. საერთო ჯამში, რეგიონების კლინიკებში COVID-19-ით ინფიცირებული 23 პაციენტია.

ახალი კორონავირუსი რეგიონში პირველად საჩხერეში 8 მარტს დაფიქსირდა. ვირუსი შუახნის კაცს დაუდასტურდა, მას კონტაქტი იტალიაში მყოფ ინფიცირებულ პირთან ჰქონდა. პაციენტი ნომერი ერთი, თითქმის გამოჯანმრთელებულია. თუმცა მძიმეა ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 70 წლის კაცის მდგომარეობა. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზეა, მას ამერიკაში მოგზაურობის ისტორია აქვს. საშუალო სიმძიმისაა ასევე 60 წლის ქალი, მას ორმხრივი პნევმონია აღენიშნება. სხვა პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თბილისში კორონავირუსი 49 პირს აქვს. აქედან 29 ინფექციურ საავადმყოფოშია. ყველზე მძიმე 4 პაციენტის მდგომარეობაა, რასაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები ართულებს, თუმცა ექიმების ინფორმაციით, მკურნალობას ყველა პაციენტი ექვემდებარება. ინფექციურ საავადმყოფოში 3 არასრულწლოვანი რჩება, 2 კლინიკიდან დღეს ბინაზე გაწერეს.

13 ინფიცირებულია პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. ყველზე მძიმედ მარნეულიდან გადაყვანილი 62 წლის ქალია. იგი ისევ მართვით სუნთქვაზე და რეანიმაციულ განყოფილებაშია. მართვით სუნთქვაზეა კიდევ ერთი პაციენტი.

80 წლის ქალს ორმხრივი პნევმონია აქვს, მის მდგომარეობას ასაკიდან გამომდინარე ქრონიკული დაავადებები ართულებს. დამაკმაყოფილებელია ფეხმძიმე ქალის და იმ 3 ახალშობილის მდგომარეობა, რომელებიც 62 წლის მარნეულელი ქალის კლასტერიდან არის.

ქვეყანაში კორონავირუსის შიდა გავრცელება დადასტურდა. ინფექციურ საავადმყოფოში ამბობენ, რომ უკვე ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ვეღარ ხერხდება იმის დადგენა, თუ სად და ვისგან მოხდა პირების ინფიცირება. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ასეთი მინიმუმ ორი შემთხვევაა, თუმცა რეკომენდაციების სრულად შესრულების შემთხვევაში ვითარება კონტროლირებადი იქნება.

ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. საქართველოს დაავადებული მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა. პირველმა პაციენტმა ბოქსირებული განყოფილება 16 მარტს დატოვა. საერთო ჯამში ახალი კორონავირუსი 18-მა პაციენტმა დაამარცხა.

დღის ამბები