ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატის, გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისში COVID-19-ის გავრცელების პრევენციისთვის ჩატარებული სამუშაოების ფარგლებში უკვე 27 000 მოქალაქე შემოწმდა, რაც მუნიციპალიტეტში მცხოვრებთა ნახევარია. როგორც "დღის კურიერის" პირდაპირ ეთერში დეპუტატმა განაცხადა, პროცესი 3-4 დღეში სრულად დამთავრდება. მისივე ინფორმაციით, უკვე შემოწმდა 20 დასახლებული პუნქტი, დღეს კი მაღალი ტემპერატურის არც ერთი ფაქტი არ გამოვლენილა. მისივე თქმით, ბოლნისის რაიონში 27 ადამიანი კარანტინის, ხოლო 310 თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება.
დეპუტატის თქმით, გრძელდება საგანგებო მდგომარეობის შედეგად დამყარებული რეჟიმის კონტროლი. როგორც გოგი მეშველიანმა განაცხადა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლო ორ დღეში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევისთვის 50-მდე მოქალაქე დაჯარიმდა, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ დღეს ასეთ ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
გოგი მეშველიანის ინფორმაციით, ბოლნისის რაიონში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 1400-მდე ოჯახს სასურსათო კალათა დაურიგდება. მისივე თქმით, უახლოეს მომავალში იგეგმება, რომ ყველა ოჯახს მრავალჯერადი პირბადე დაურიგდეს.
როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მუნიციპალიტეტში სამედიცინო ნიღბების დეფიციტი ნამდვილად არის, თუმცა, ჯანდაცვის სამინისტროდან მოწოდებული ნიღბებით, პირველ რიგში, ის მოქალაქეები მარაგდებიან, ვისაც ყველაზე ხშირად უწევთ მოქალაქეებთან კონტაქტი.