04 ივნისი 2020,   09:23
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირებული 100 ადამიანი და საყოველთაო კარანტინი ქვეყანაში

კლინიკებში შეყვანილ პაციენტებს მოგზაურობის ისტორიას აღარ ეკითხებიან. ასაკი და მოგზაურობის მცნება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სიიდან ამოიღო. ყველა, ვინც კლინიკაში შევა ანამნეზით - ცხელება, სუნთქვის უკმარისობა, ვირუსზე გამოკვლევას ექვემდებარება.

რადგან ქვეყანაში ცხადდება პანდემია და სამყაროში არის პანდემია, რაოდენობას - 2 იქნება თუ 27 მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც შეეხება ასაკს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ასაკობრივი ზღვარიც მოხსნილია.

"კოვიდ 19"-თან მებრძოლი მედიკოსი ვირუსით დაინფიცირდა. სავარაუდოდ, მას კორონავირუსი დაავადებული პაციენტისგან გადაედო. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ჯანდაცვის სფეროს ინფიცირებული წარმომადგენელი ბათუმშია. ეს ფაქტი არც დაადასტურა, თუმცა არც უარყო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა. ზაალ მიქელაძემ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ ბათუმში ინფიცირების მერვე შემთხვევა დაფიქსირდა.

მედიკოსი ერთ-ერთია, რომელიც შიდა გადაცემით დაინფიცირდა. ამ დროისთვის ქვეყანაში ასეთი სამი შემთხვევაა. "კოვიდ 19"-ით ინფიცირებულთა რაოდენობა დღეს საქართველოში სამნიშნა გახდა. ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში ვირუსით დაავადებულთა სტატისტიკა 9-ით გაიზარდა. ახალი სტატისტიკა და ტენდენცია დღეს პრემიერ-მინისტრმა გაახმოვანა და გამოჯანმრთელების რაოდენობის ზრდის მიუხედავად, დაავადების გავრცელების ტემპს შემაშფოთებელი უწოდა.

კორონავირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში რამდენი საათის წინ ახალგაზრდა ქალი მოათავსეს. საავადმყოფოს ინფორმაციით, მას ცხელება და ხველა აღენიშნება. პაციენტის განმარტებით, ის ერთ-ერთ საერთაშორისო ორგანიზაციაში მუშაობს და სამსახურეობრივი კონტაქტი ჰქონდა უცხოელებთან. ახალგაზრდა ქალი თვითიზოლიაციაში არ ყოფილა. ამის გარდა, ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კიდევ 3 პაციენტია. აქედან "კოვიდ 19"-ის დადასტურებული დიაგნოზით მხოლოდ ერთი - 67 წლის პაციენტია. მას თურქეთში მოგზაურობის ისტორია აქვს. 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში, კორონავირუსის დიაგნოზით ორი პაციენტი მკურნალობს. მათგან, ასაკოვანი მამაკაცის მდგომარეობა შედარებით მძიმეა, მას ორმხრივი პნევმონია და ტემპერატურა აქვს. რაც შეეხება სხვა პაციენტებს - "კოვიდ 19"-ის სიმპტომით შესული რვა პაციენტიდან შვიდს ინფექცია არ დაუდგინდა, ერთის პასუხი დღეს გაირკვევა. 

საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით სამი პაციენტი მკურნალობს. ორ ინფიცირებულს განმეორებითი ტესტირება ჩაუტარდება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში "კოვიდ 19"-ის 100 დადასტურებული შემთხვევა, 18 გამოჯანმრთელებულია, კარანტინის რეჟიმში 5 ათასამდე ადამიანი რჩება. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 266. ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.

დღის ამბები