19 აპრილი 2024,   15:50
ვრცლად
სპეციალური გამშვები პუნქტები თელავსა და ახალციხეშიც მოეწყობა - ირაკლი ჩიქოვანი

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა და პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა, უწყებათაშორისი საბჭოს კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 7 მუნიციპალიტეტის საზღვარზე უკვე ამოქმედდა სპეციალური გამშვები პუნქტები. საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, ანალოგიური პუნქტები ამოქმედდება კიდევ 2 მუნიციპალიტეტში - თელავში და ახალციხეში.

"მოწყობილია სპეციალური გამშვები პუნქტები, რომელიც მოაწყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა და ასევე, თავდაცვის სამინისტროს ძალებმა. ამ პუნქტებზე ხდება მკაცრი კონტროლი იმ შეზღუდვებისა, რომელიც დაწესებულია საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში და რა თქმა უნდა, ასევე, მიმდინარეობს ჩვენი თანამოქალაქეების თერმოსკრინინგი," - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა.

"როგორც გუშინ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა მიღებულია გადაწყვეტილება ე.წ. კომენდანტის საათის შესახებ. დღეს ეს წინადადება ძალაში შედის და 21.00 საათიდან დილის 6 საათამდე, ყველა სახის გადაადგილება აიკრძალება. ეს ის აუცილებელი ზომაა, რომელიც საჭირო იყო იმისათვის, რომ მაქსიმალურად შეგვეფერხებინა კორონავირუსის გავრცელება. მივმართავთ საზოგადოებას დაიცვან ეს შეზღუდვა, რომელსაც სამართალდამცველები მკაცრად გააკონტროლებენ.

ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ცხელი ხაზი -144, სადაც გუშინდელი დღიდან ძალიან ბევრი ზარი შემოვიდა, რის გამოც ჩვენს მოქალაქეებს რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება მოუწიათ, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდით. თუმცა ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ მეტად გაიზრდება. ამის მეშვეობით ჩვენს მოქალაქეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია შეზღუდვებთან დაკავშირებით. 

შეზღუდვების სიზუსტესთან დაკავშირებით, გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება ნომერი 204 და ამის ნახვა ყველას შეუძლია," - განაცხადა სპეციალურ ბრიფინგზე პრემიერის პრესსპიკერმა და მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა. 

დღის ამბები