19 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
ხალხმრავლობა სოხუმისა და გაგრის ბაზრებში - ოკუპირებულ ტერიტორიაზე წესს არავინ იცავს

მიუხედავად იმისა, რომ საოკუპაციო რეჟიმმა ოკუპირებულ აფხაზეთში შეზღუდვები დააწესა, გალში გადაღებულ ვიდეოში კარგად ჩანს, რომ მოქალაქეები წესებს არ ემორჩილებიან, ხალხმრავლობაა სოხუმისა და გაგრის ბაზრებშიც. ოფიციალურად საოკუპაციო რეჟიმი კორონავირუსის შემთხვევებს არ ადასტურებს, თუ არ ჩავთვლით მოსკოვის მიერ გაგზავნილ 500 ტესტს, როგორც ირკვევა, ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსზე ანალიზის ჩატარება შეუძლებელია.

დეფაქტო ხელისუფლების მიერ გავრცელებული ინფორმაციის არ სჯერა გიორგი ჯახაიას. ბლოგერი, რომელსაც ოკუპირებული რეგიონიდან საკუთარი კავშირებით არაფორმალური ინფორმაცია აქვს, ამბობს, რომ დეფაქტო ხელისუფლებამ არჩევნების გამო კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას შეგნებულად დამალა.

იმის გათვალისწინებით რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოყვანილ პირველივე პაციენტს კორონავირუსი აღმოაჩნდა, სავარაუდოდ, რეალური სურათი ადგილზე გაცილებით მძიმეა. დღეს ადგილობრივმა მედიამ გამოაქვეყნა იმ პირთა სია, ვისაც ინფიცირებულ ქალთან ჰქონდა შეხება, დასახელებულია 8 ნათესავი და 4 ექიმი. ოკუპირებული გალიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ ადამიანებს საფრთხე ემუქრებათ, რადგან ადგილობრივები კორონის წყაროდ მიიჩნევენ. შუა ხნის ქალი კი, რომელიც მოსკოვიდან სოფელ საიბეროში ჩავიდა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ზუგდიდში გადმოიყვანეს, სტაბილურადაა, მას ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობენ.

სხვებს ნაკლებად გაუმართლათ. გაგრაში მდებარე ომის ვეტერანების სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც 17 პაციენტი იმყოფებოდა, მედპერსონალმა მიატოვა. წავიდნენ მზარეულები და დამლაგებლებიც, ვიდეომიმართვაში ვეტერანი ჰყვება რომ დეზინფექციის ჩატარება და საკვების ყიდვა თავად უწევთ, პაციენტების ნაწილი კი მწოლიარეა.

საოკუპაციო რეჟიმმა კორონავირუსის საფრთხის გამო საოკუპაციო ზოლი რამდენიმე კვირის წინ ჩაკეტა, თუმცა პაციენტების გადმოყვანა მაინც ხდება. ოკუპირებული რეგიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მისაღებად მზად არის რუხის საავადმყოფო, რომელიც შექმნილი ვითარების გამო საგანგებოდ აღიჭურვა.

ოკუპირებულ აფხაზეთში, მედიის ცნობით, ამ დროისთვის პროდუქტების დეფიციტი არ არის. კადრებში, რომელსაც ტელევიზია ავრცელებს, კარგად ჩანს, რომ სავაჭრო ობიექტებში არც უსაფრთხოებას და არც დისტანციას იცავენ.

დღის ამბები