საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დასაბრუნებლად დღეს სპეციალური რეისი ბულგარეთიდან, კერძოდ კი ქალაქ ბურგასიდან შესრულდება. სამშობლოში ასამდე მგზავრს ქართული ავიაკომპანია Myway Airlines ჩამოიყვანს. მათ შორის არიან საქართველოს გადამზიდავი კომპანიების მძღოლებიც, რომლებსაც ბულგარეთის მხარემ, ქვეყანაში არსებული საკარანტინო შეზღუდვის გამო, ბორანზე ასვლისა და საკუთარ ავტომობილებთან ერთად გამომგზავრების უფლება არ მისცა.
ინფექციების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, თვითმფრინავში, მგზავრების განლაგება ჭადრაკისებრი პრინციპით მოხდება, ხომალდის ეკიპაჟს სპეციალური აღჭურვილობა ექნება. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მგზავრები კარანტინში მოთავსდებიან.