19 აპრილი 2024,   17:13
ვრცლად
მოქალაქეების რა კატეგორია შეძლებს სწრაფი ტესტირების გავლას - ახალი ალგორითმი

მოქალაქეების რა კატეგორია შეძლებს სწრაფი ტესტირების გავლას - ახალი ალგორითმი დღეს გამოქვეყნდება. საკითხზე მსჯელობა დღის ბოლოს ჯანდაცვის სამინისტროში საგანგებო შეხვედრაზე შედგა, რომელსაც ჯანდაცვის ექსპერტები, მედიკოსები და კლინიკის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

ამ დრომდე ტესტირებას ექვემდებარებოდა პაციენტი, რომელსაც ჰქონდა მოგზაურობის ისტორია, ან კავშირში იყო ინფიცირებულ პაციენტთან. ამიერიდან ეს დამოკიდებულება შეიცვლება და ტესტირება ჩაუტარდება ყველა იმ ადამიანს, ვისაც მკვეთრად გამოხატული სიმპტომები ექნება ან რისკჯგუფში შემავალი იქნება. ასევე მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში 25 ცხელების ცენტრი გაიხსნება. სწორედ აქ მოათავსებენ პირველ ეტაპზე პაციენტებს და შემდეგ გადაწყდება საჭირო იქნება, თუ არა მათი სპეციალიზებულ კლინიკებში გადაყვანა.

"სერიოზულად გაფართოვდება გამოსაკვლევი ადამიანების წრე, რაც უკავშირდება იმას რომ ინფექციის გავრცელების სხვა სტადიაზე გადავიდა ქვეყანა, შიდა გავრცელება ხდება. 25 ე.წ ცხელების ცენტრი იქნება გამოყოფილი საქართველოში, საშუალედო რგოლი იქნება ეს ცენტრები სპეციალიზირებულ კლინიკებსა და ზოგადი პროფილის კლინიკებს შორის. ვისაც ექნება სიმპტომატიკა, ან შეიძლება სიმპტომატიკა არ ქონდეს და ქონდეს მარტო რისკის ფაქტორი, ყველა ესენი დაუკავშირდებიან ტელეფონით ჯერ 112-ს, ის გადაამისამართებს ამ ცხელების კლინიკებში და ეს ცხელების კლინიკები დაახარისხებს პაციენტებს," -განაცხადა ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ.

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის ამირან გამყრელიძის თქმით, ტესტირების ალგორითმი მიღებული იქნება კონსენსუსის წესით და დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით:

"ტესტირების ალგორითმთან დაკავშირებით ყველა მხარე ესწრებოდა, მთავარი კლინიკები, ვინც დღეს აწარმოებენ ტესტირებას, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა წარადგინა ალგორითმი, რომელზეც იყო მსჯელობა, ყველა შეთანხმდა, ეს მიღებული იქნება კონსენსუსის წესით და დამტკიცდება მინისტრის ბრძანებით," - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

დღის ამბები