19 აპრილი 2024,   23:39
ვრცლად
გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღება და მათი მეშვეობით სხვა ინფიცირებულების მკურნალობა მალე დაიწყება - მარინა ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, საჭიროება იმისა, რომ  გაფართოებულიყო წრე, რომელთაც ტესტირება ჩაუტარდებათ, გამოიწვია კორონავირუსის შიდა გავრცელებამ.

როგორც ენდელაძემ "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტა, ყველა იმ ადამიანს, რომელსაც აღენიშნება სიმპტომატიკა, ტესტირება ჩაუტარდება.

"დღის წესრიგში ეს საკითხი მას შემდეგ დადგა, როცა გამოვლინდა შიდა გავრცელება. თუმცა, ამ შიდა გავრცელებას ჯერ მასიური ხასიათი ნამდვილად არ მიუღია, რასაც ადასტურებს დაინფიცირებულთა რაოდენობა.

დღეიდან ალგორითმი შეიცვალა, ანუ სხვადასხვა გამოკვლევა გაკეთდება, ეს გახლავთ პისიარ კვლევა. გარდა ამისა, ჩატარდება კვლევები ანტიგენსა და ანტისხეულზე. თუ რომელი კვლევა უნდა ჩატარდეს, ამას გადაწყვეტს უშუალოდ ექიმი. ამავე დროს, შეიცვალა კვლევაში ჩართვის კრიტერიუმები, ანუ ის ადამიანები, ვინც ჩაერთვებიან. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ყველა პაციენტი, რომელსაც აქვს სიმპტომები. გარდა ამისა, პნევმონიით დაავადებული პაციენტები, ცხელებით ჰოსპიტალიზებული პაციენტები. ასევე რისკ ჯგუფები. ყველა ადამიანს ჩაუტარდება, ვისაც ექნება შესაბამისი სიმპტომატიკა," - განაცხადა მარინა

ენდელაძის თქმით, მედპერსონალიც რამდენჯერმე იქნა გამოკვლეული ვირუსზე.

"ყველა ჩემი თანამშრომელი უკვე რამდენჯერმეა გამოკვლეული, ვინაიდან ვართ გარკვეული რისკ-ჯგუფი და შესაბამისად, ვითვლებით შესაძლო შემთხვევად, ჯერჯერობით, არავის არ დადასტურებია და იმედი მაქვს, რომ ასე გაგრძელდება," - განაცხადა ენდელაძემ.

გარდა ამისა, მარინა ენდელაძე არ ადასტურებს ინფორმაციას,  რომ ვირუსმა მუტაცია განიცადა.

ენდელაძის თქმით, უახლოეს პერიოდში დაიწყება გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღება და მათი მეშვეობით სხვა ინფიცირებულების მკურნალობა.

"გამოჯანმრთელებული ადამიანების ანტისხეულები გადაესხმება და დაეხმარება ორგანიზმს გამოჯანმრთელებაში. ამ საკითხისათვის გადადგმულია უკვე ნაბიჯები. მიმდინარეობს ამ საკითხზე შეთანხმებები და მალე დავიწყებთ გამოჯანმრთელებული ადამიანებიდან სისხლის აღებას, მის დამუშავებას და შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მკურნალობას პაციენტების. ეს იმ შემთხვევაში დაგვჭირდება, როდესაც მძიმე იქნება პაციენტი," - განაცხადა ენდელაძემ.

დღის ამბები