20 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
ოფიციალური ინფორმაციით, თერჯოლის მერმა თანამდებობა ოჯახური პირობების გამო დატოვა

თერჯოლის მერმა ბონდო სოფრომაძემ და მისმა მოადგილემ თანამდებობები დატოვეს. მუნიციპალიტეტი პირველი პირების გარეშე დარჩა.

ოფიციალური ინფორმაციით, მერმა თანამდებობა ოჯახური პირობების გამო დატოვა, რა მიზეზი ჰქონდა მოადგილეს, ამაზე მერიაში არ საუბრობენ.

"მან გარკვეული პერიოდის წინ მოგვმართა წასვლის ინიციატივით. ამ პერიოდში მიმდინარეობდა კონსულტაციები და საბოლოოდ შევჯერდით ერთ პოზიციაზე და დავაკმაყოფილეთ მისი მოთხოვნა ოჯახური პირობების გამო. მან წარადგინა ნდობით აღჭურვილი პიროვნება, რომელიც მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა,"- განაცხადა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ.

მერის მოვალეობას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს რომელიც რეგიონში თბილისიდან ჩავიდა.

"მივიღე შემოთავაზება მერის პირველი მოადგილის თანამდებობაზე, დიდი ფიქრის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება რომ დავთანხმებოდი ამ შემოთავაზებას და ეს ჩემთვის ასმაგად საპასუხისმგებლო საქმეა," - აღნიშნა თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, ლაშა გოგიაშვილმა. 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით ცხადაძე კი აცხადებს, რომ მერმა თანამდებობა არა ოჯახური პირობების გამო, არამედ სხვა მიზნით დატოვა. დავით ცხადაძე აღნიშნავს, რომ მიზეზი აუდიტის დასკვნა იყო, სადაც ეწერა, რომ თერჯოლის მერი დაკისრებულ მოვალეობას თავს სათანადოდ ვერ ართმევდა. 

"ჩვენი ინფორმაციით, ის შიდა დაპირისპირებას შეეწირა. აუდიტმა მის მმართველობასთან დაკავშირებით დასკვნა დადო, რომლის მიხედვითაც მერის საქმიანობა ცუდად შეფასდა. მან სათანადოდ ვერ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას და სწორედ ამასთან დაკავშირებით იყო საუბარი დასკვნაშიც," - აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, დავით ცხადაძე. 

დღის ამბები