კორონავირუსით ინფიცირებული 10 წლის ბავშვი გვიან ღამით ბათუმიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მოზარდის დედაქალაქის კლინიკაში მოთავსება ოჯახის თხოვნით მოხდა. ცნობილია, რომ ბავშვს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ის კარანტინში იმყოფებოდა.
"ვიცი, რომ ოჯახის სხვა წევრებს ჯერჯერობით არ აქვთ დადასტურებული კორონავირუსი. სიმძიმე არ ვიცი, ალბათ, საშუალო სიმძიმის უნდა იყოს. კონტაქტური იყო ბებოსთან. აღმოჩნდა რომ ბებიასთან ჯერჯერობით არ აქვს დადასტურებული და აქვს შვილიშვილს," - განაცხადა ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.
კიდევ ერთი ახლად დაინფიცირებული კი, სომხეთიდან ჩამოსული პაციენტია. შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში საქართველოში 7 ახალი ფაქტი დადასტურდა. შედეგად ქვეყანაში ამჟამად 117 დაინფიცირებულია. გამოჯანმრთელებულია 23 ადამიანი. ინფექციურ საავადმყოფოში ამჟამად "კოვიდ 19"-ის უკვე 35 დადასტურებული შემთხვევაა.