პოლონეთში დარჩენილი საქართველოს მოქალაქეთა ნაწილი დღეს საქართველოს საელჩოსთან მისვლას კვლავ აპირებს. ისინი უწყებისგან განმარტებას და დახმარებას ელოდებიან.
საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას ცდილობენ, თუმცა მათი თქმით, ვარშავა-თბილისის სამ აპრილს დაგეგმილ რეისზე ბილეთების შეძენა შეუძლებელია.
"ზუსტად 25 ბილეთი გაიყიდა, შემდეგ შეწყდა ყველანაირი გაყიდვა და გვითხრეს, რომ საელჩოში მიდით და იქ გაარკვიეთო. როცა საელჩოში მივედით, საერთოდ არანაირი პასუხი არ აქვთ. საკონსულოსთან რაღაც შელაპარაკება მოხდა, პოლიციის ჩარევა, მერე სპეცრაზმი.... ბევრი ქართველია, ვისაც წასვლა უნდა საერთოდ და არ იციან როგორ. საცხოვრებელზე გვინდა დაველაპარაკოთ, საკვები, ფინანსები.. რომ რაღაცნაირად დაგვეხმარონ. ერთი 11-ში იგეგმება ფრენები, როგორც გვითხრეს და 400 ევრო ღირს, რომელიც ქართველების უმეტესობას არ გააჩნია ეგ ფინანსები და ზუსტად არ ვიცით, გაფრინდება თუ არა,“ - ამბობს პოლონეთში მყოფი ერთ-ერთი ქართველი ვახტანგ ბერიანიძე.
შეგახსენებთ, გუშინ საელჩოსთან შეკრებილები ტერიტორიიდან პოლიციამ გაიყვანა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საელჩოსთან სპეცრაზმი თავად უწყების წარმომადგენლებმა გამოიძახეს.
მათი განმარტებით, ელჩი გუშინ შეკრებილებთან შესახვედრადაც გავიდა, თუმცა საგანგებო მდგომარეობის გამო პოლიციამ ყველას დაშლისკენ მოუწოდა.