25 აპრილი 2024,   08:04
ვრცლად
ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელი ვირუსის ნიშნებით ინფექციურ კლინიკაშია მოთავსებული - ანალიზის პასუხები დღეს გახდება ცნობილი   

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო 24 საათში 15-ით გაიზარდა. ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები 130 გახდა. პაციენტების ნაწილის ინფიცირების პირველწყარო იდენტიფიცირებულია.

ვრცელდება ინფორმაცია კიდევ ერთი სამედიცინო პერსონალის ინფიცირების შესახებ, თუმცა ინფექციურ საავადმყოფოში ვერსიას ჯერჯერობით არ ადასტურებენ, მანამ სანამ, ექიმს ღრმა კვლევა არ ჩაუტარდება.

"კურიერის“ ინფორმაციით, სამედიცინო სექტორის წარმომადგენელი, რომელსაც ვირუსის ნიშნები აქვს, ინგოროყვას კლინიკის თანამშრომელია. ამ ინფორმაციას თავად კლინიკაში ადასტურებენ.

ინგოროყვას კლინიკის კომერციული დირექტორი აცხადებს, რომ სავარაუდოდ ინფიცირებული ახლა ინფექციურ კლინიკაში იმყოფება და მისი ტესტის პასუხი დღეს გახდება ცნობილი.

ნინო ქოჩორაშვილის თქმით, რამდენიმე დღის წინ, სამი ექიმი პაციენტთან შემხებლობის გამო, რომელსაც COVID-19-ის დიაგნოზი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში გადაიყვანეს.

"რამდენიმე დღის წინ დაგვიკავშირდა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი და მოგვაწოდეს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პაციენტი იმყოფებოდა ჩვენთან კლინიკაში ამბულატორიულ ვიზიტზე, რომელსაც შემდგომში დაუდასტურდა COVID-19-ის დიაგნოზი. ყველა უსაფრთხოების ნორმების და პროტოკოლის დაცვით, სამი თანამშრომელი იქნა გაშვებული თვითიზოლაციაში, მიუხედავად იმისა, რომ პაციენტთან კონტაქტის დროს, მათ დაცული ჰქონდათ უსაფრთხოების ყველა ნორმა, სხვა თანამშრომლების უსაფრთხოების მიზნით, ეს ადამიანები იმ დღესვე იქნენ თვითიზოლაციაში გაშვებული.

გუშინ ერთ-ერთ მათგანს აღენიშნა ტემპერატურის მატება, თუმცა სხვა დანარჩენი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. მაგრამ ამის მიუხედავად, ის მაინც იქნა გადაყვანილი  COVID-19-ის მიმღებ ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში და დღეს უკვე ველოდებით ტესტის პასუხს. დანარჩენი პერსონალი განაგრძობს სრულფასოვან ფუნქციონირებას, ყველა უსაფრთხოების ნორმა დაცულია," - განაცხადა ინგოროყვას კლინიკის კომერციული დირექტორმა ნინო ქოჩორაშვილმა

ინფიცირების ახალი შემთხვევების ფონზე იზრდება გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკა. ქვეყანაში კორონავირუსი უკვე 26-მა პაციენტმა დაამარცხა. კარანტინის რეჟიმში რჩება 5 ათას 550 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ 281 პირი. 

 

დღის ამბები