დღეს კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე ცხელი წერტილი ესპანეთია, ბოლო 24 საათში ქვეყანაში გარდაცვალების 961 და ინფიცირების 8 ათასამდე შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად ესპანეთი იტალიის შემდეგ მეორე ქვეყანა გახდა, სადაც ფატალური შემთხვევების რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა. ინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლებია ევროპის სხვა ქვეყნებშიც. ინფიცირების 84 ათასზე მეტი შემთხვევით ჩინეთს გადაუსწრო გერმანიამ. ბოლო ერთ დღეში COVID-19-ით 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა საფრანგეთში.
იტალიაში ისევ საგანგაშო სტატისტიკაა, როგორც დაინფიცირებულების, ასევე გარდაცვლილების, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 760-ით გაიზარდა და საერთო ჯამში 14 ათასს მიუახლოვდა. ყველაზე რთული მდგომაროება კვლავ ლომბარდიის რეგიონშია. იტალიის პრემიერ–მინისტრმა ქვეყანაში კარანტინის 13 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. იტალიის პრემიერ მინისტრს სატელევიზიო ჩართვა ჰქონდა, რომლის დროსაც ის მოულოდნელად ატირდა. ჯუზეპე კონტე, ქალაქ ბერგამოში, კორონავირუსისგან პირველ გარდაცვლილებზე ლაპარაკობდა, რა დროსაც მას გული აუჩუყდა და მოწოლილი მძიმე ემოციებისგან თავი ვერ შეიკავა.
ინფიცირების მაჩვენებლით მსოფლიოში კვლავ შეერთებული შტატები ლიდერობს. ქვეყენაში COVID-19-ით დაავადებული 245 373 ადამიანია. ვირუსით დაღუპულთა რიცხვი კი 6 ათასს გადასცდა. მხოლოდ ნიუ–იორკში, დაავადების გავრცელების ცხელ წერტილში, ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 92 ათასს გადააჭარბა. მსხვერპლის რაოდენობა კი 2 373-მდე გაიზარდა. დონალ ტრამპმა სოციალურ ქსელ "ტვიტერში" ვიდეო გააზიარა, რომლითაც ქვეყანას ვირუსის გავრცელების ტემპის შესამცირებლად ოცდაათ დღიან ვადას აძლევს. ამერიკის 10 შტატში სკოლები მთელი წლით დაიხურა.
ნიუ–იორკის გუბერნატორის ენდრიუ კუომოს განცხადებით, შტატს ხელოვნური სუნთქვის აპარატების მხოლოდ 6 დღის სამყოფი მარაგი აქვს. მან მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მწარმოებელს სამედიცინო დამცავი საშუალებების წარმოებისკენ მოუწოდა.
იზრდება კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი მეზობელ ქვეყნებშიც. სომხეთში კიდევ 3 ფატალური შემთხვევა დადასტურდა. ჯამში გარდაცვლილია 7 ადამიანი, ხოლო ინფიცირებულია 663 პირი. მათ შორის COVID-19 პენიტენციური დაწესებულების 5 თანამშრომელს დაუდგინდა. მსოფლიო პანდემიის გავრცელების ფონზე სომხეთის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა ნიდერლანდებში 13 აპრილს დაგეგმილი ოფიციალური ვიზიტი გაურკვეველი დროით გადადო. ვირუსის პრევენციის მიზნით კარანტინის ზომებს ამკაცრებს ოფიციალური ბაქოც. მინისტრთა საგანგებო კაბინეტმა ქვეყანაში საგზაო გადაადგილების წესები კიდევ უფრო გაამკაცრა და გამოაქვეყნა იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ობიექტების სია, რომელთაც კარანტინის რეჟიმში მუშაობის უფლება აქვთ, თუმცა მათ თანამშრომლების რაოდენობის მაქსიმალური შეზღუდვისკენ მოუწოდა. აზერბაიჯანში ამ დროის მონაცემებით ინფიცირებულია 400 პირი, ქვეყანაში გარდაცვალების 5 ფაქტი დადასტურდა.
თურქეთში ბოლო 24 საათში ვირუსით დაავადებულთა მაჩვენებელმა 18 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 356 ადამიანი. რაც შეეხება ოკუპანტ რუსეთს ინფიცირებულია 3548, ხოლო გარდაცვლილია 30 ადამიანი. მოსკოვის მერის გადაწყვეტილებით, თვითიზოლაციის რეჟიმი დედაქალაქში პირველ მაისამდე შენარჩუნდება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კი მოსახლეობას მიმართა და ქვეყანაში არასამუშაო კვირის 30 აპრილამდე გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
ერთადერთი ქვეყანა, სადაც ეპიდემიის გავრცელების მხრივ პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ჩინეთია, სადაც ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 35 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 6 ადამიანი. ოფიციალურმა პეკინმა აშშ-ის მხრიდან გამოთქმულ ბრალდებებს უპასუხა. ჩინეთის განცხადებით, მონაცემები ღია და გამჭირვალეა.
გარდაცვალების პირველი ფაქტი დაფიქსირდა ყირგიზეთში. იაპონია კი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შესვლას უცნობი ვადით ახანგრძლივებს. კორონავირუსთან ბრძოლაში დასახმარებლად ინდოეთისთვის 1 მილიარდ დოლარს გამოყოფს მსოფლიო ბანკი. საერთო ჯამში მსოფლიოში COVID-19-ით უკვე მილიონზე მეტი ადამიანია დაინფიცირებული. ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 53 000 ადამიანი დაიღუპა, დაავადების დამარცხება კი 200 000 ადამიანმა შეძლო.