დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის თქმით, კორონავირუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევათა შორის განსაკუთრებით საინტერესოა ერთი შემთხვევა. მისივე ინფორმაციით, საქმე ეხება ხანდაზმულ პაციენტს, რომელიც სახლიდან არ გადიოდა, თუმცა კორონავირუსი დაუდასტურდა.
"საყურადღებოა ერთი შემთხვევა, დანარჩენი არის ცნობილ შემთხვევებთან კავშირში, ბანკის კლასტერის გაგრძელებაა. ამ ერთი შემთხვევის ინტენსიური კვლევა მიმდინარეობს, ეს არის შემთხვევა ხანდაზმულ პაციენტთან, რომელიც პრაქტიკულად სახლიდან არ გამოდიოდა და მხოლოდ შვილი და შვილიშვილი მოძრაობდნენ გარეთ. ამიტომ ამ შემთხვევის მოკვლევას განსაკუთრებით ყურადღებით ვეკიდებით," - განაცხადა დღეს პაატა იმნაძემ.