28 მაისი 2020,   08:36
ვრცლად
COVID-19-ით დაავადებულ სპორტსმენთან კონტაქტში მყოფი პირები ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი

ქართველი სპორტსმენი სავარაუდოდ კორონავირუსის ყველაზე დიდ კლასტერის წარმოშობის მიზეზი გახდება. "კურიერისთვის" ცნობილი გახდა, რომ COVID-19 დაუდასტურდა ერთ-ერთ მკლავჭიდელს, რომლის ვინაობასაც "კურიერი" არ ასახელებს, თუმცა შემთხვევა, სავარაუდოდ, განსაკუთრებული იქნება.

"კურიერმა" გაარკვია, რომ სპორტსმენის საკონტაქტო წრე საკმაოდ ფართოა. მიუხედავად ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა, ის დედაქალაქში სხვადასხვა ადგილზე, სხვადასხვა ადამიანების წრეში იმყოფებოდა, ასევე 27 მარტს ჩასული იყო სამეგრელოშიც. მოიარა ზუგდიდის, ცხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტები და ჰქონდა შეხება ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის იმყოფებოდა სტუმრად არაერთ ოჯახში. სპორტსმენს მოგზაურობის ისტორია არ აქვს. სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით გამოვლენილია აღნიშნული პირის თითქმის ყველა კონტაქტი და ისინი ანაკლიის საკარანტინო ზონაში არიან გადაყვანილი.

წალენჯიხაში ამბობენ, რომ ახალგაზრდა მამაკაცთან კონტაქტი მხოლოდ იმ მასპინძელი ოჯახის წევრებს ჰქონდათ, სადაც მან ღამე გაათენა. მეზობლები ასევე ამბობენ, რომ წუხელ გვიან ღამით მათთან სამართალდამცავები მივიდნენ და გააფრთხილეს, რომ თვითიზოლაციაში ყოფილიყვნენ.  თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მასპინძელი ოჯახი კარანტინში გადაიყვანეს, თუმცა, აღმოჩნდა, რომ ისინი თვითიზოლაციაში არიან.

ქართველი მკლავჭიდელის შესახებ კონკრეტულ დეტალურ ინფორმაციაზე არ საუბრობენ არც ჯანდაცვის მინისტრი და არც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი. მათი თქმით, ყველა დადასტურებული შემთხვევის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს, დანარჩენ ინფორმაციას კი პერსონალური ინფორმაციის დაცვის მოტივით არ ამჟღავნებენ.

ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ახალ შემთხვევებზე საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სოციალური დისტანციის დაცვა დაავადების მასშტაბურად გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

 

დღის ამბები