25 აპრილი 2024,   18:22
ვრცლად
ვირუსის გავრცელების მე-40 დღე და 3 ინფიცირებული ექიმი - ეპიდემიოლოგები საშიშ ტენდენციაზე საუბრობენ

უკვე 10 საათია საჩხერის სამედიცინო ცენტრის 100 თანამშრომელი თვითიზოლაციაშია. მიზეზი კლინიკაში "კოვიდ -19"-ის გავრცელების საფრთხეა.

თვითიოზლაციის გადაწყვეტილება საავადმყოფოში მას შემდეგ მიიღეს, რაც ერთ-ერთ ინფექციონისტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ექიმის დაინფიცირების წყარო, სავარაუდოდ, პაციენტია, რომელიც კლინიკაში რამდენიმე დღეა "კოვიდ - 19"-ის დიაგნოზით მკურნალობს.

გამოცხადდება თუ არა კლინიკაში სრული კარანტინი, რამდენიმე საათში მას შემდეგ გაირკვევა,  რაც ლუგარის ლაბორატორიაში კვლევის შედეგები გახდება ცნობილი.

იყო თუ არა კლინიკაში უსაფრთხოების ნორმები დაცული და მოქმედებდა თუ არა ექიმი პროტოკოლის მიხედვით?! - ადმინისტრაციაში ირწმუნებიან, რომ პერსონალი დაინფიცირებულ პაციენტებთან შესაბამისი ეკიპირებით და წესების დაცვით მუშაობდა.

ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობს საჩხერის მერიაშიც, რადგან ინფიცირებული, ექიმი ქალაქის მერის ბენიამინ ფალავანდიშვილის მეუღლეა. დაუდასტურდება თუ არა "კოვიდ -19" მერს, რამდნიმე საათში გაირკვევა. ეპიდემიოლოგებს, სავარაუდოდ, იმ ადამინების იდენტიფიცირებაც მოუწევთ, ვისთანაც მერს შეხება ჰქონდა. ბენიამინ ფალავანდიშვილს ბოლო დღეებში თანამშრომლების გარდა, კონტაქტი მაღალი რისკ ჯგუფის მქონე მოქალაქეებთანაც ჰქონდა, ვისთანაც ის, რამდენიმე დღის წინ, სოციალური პროექტის ფარგლებში იმყოფებოდა.

საჩხერის კლინიკაში დაფიქსირებული შემთხვევა არ არის პირველი, როდესაც ქვეყანაში მედპერსონალს "კოვიდ 19" დაუდასტურდა. უკვე რამდენიმე დღეა იზოლაციაში იმყოფება სასწრაფო დახმარების პერსონალიც. მიზეზი ერთ-ერთი ექიმის დაინფიცირება გახდა. მასთან კონტაქტირებული 30 ადამიანი მათ შორის ექიმები ამ დრომდე იზოლაციაში იმყოფებიან. "კოვიდ 19"-ით არის ინფიცირებული ექიმი აჭარაშიც. მისი ინფიცირების წყაროც პაციენტია.

ეპიდემიოლოგები საშიშ ტენდენციაზე საუბრობენ და ექიმებს განსაკუთრებული სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდებენ. მედპერსონალი, რომლესაც ინფიცირებულებთან უშუალო კონტაქტი აქვთ ინფიცირებულებთან, რისკჯგუფში არიან და შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკის ადმინისტრაციებს შესაბამისი პროტოკოლის მკაცრად დაცვას სთხოვს.

ვირუსის გავრცელების მეორმოცე დღეს, ქვეყანაში კორონავირუსი სამ ექიმს აქვს დადასტურებული. ჯერ უცნობია, შეიცვლება თუ არა ეს მონაცემები.

დღის ამბები