იმერეთში ცხელების ცენტრების მოწყობა და მედპერსონალის მობილიზება გრძელდება. რეგიონში თერმოსკრინინგისა და ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნის შესახებ დავალება პრემიერ-მინისტრმა გასცა. პროცესში ჩართულია სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც კლინიკების ხელმძღვანელებსა და სამედიცინო პერსონალს პირადად ხვდება. მისი ინფორმაციით, იმერეთში სამი ცხელების ცენტრი იფუნქციონირებს, მათ შორის ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში.
"ცხელების ცენტრად" შერჩეული ერთ-ერთი კლინიკის, "თერჯოლამედის" მთავარი ექიმის, სოფიო ბუსკივაძის თქმით, მათი კლინიკა პაციენტების მისაღებად და მათი თანამედროვე სტანდარტებით სამკურნალოდ მზად არის. როგორც მან აღნიშნა, მცირედი სამუშაოების შემდეგ, რამდენიმე დღეში, ცხელების ცენტრი გამართულად, სრული დატვირთვით იმუშავებს.