20 აპრილი 2024,   17:16
ვრცლად
კორონავირუსი და საქართველო - როგორია ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა  

ბოლო 6 დღეში ახალი კორონავირუსით 5 მედიკოსი დაინფიცირდა, მათგან 2-ს ვირუსი დღეს დაუდასტურდა. ისინი თბილისის ზღვის ჰოსპიტალის ექიმები არიან. ინფიცირების წყარო COVID-19-ით გუშინ გარდაცვლილი პაციენტია. მედიკოსების მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადიან. 

ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა ქუთაისში სასწრაფო სამედიცინო ცენტრის ექიმის დედას. საუბარია 62 წლის ქალზე. მისი დაინფიცირების წყარო უცნობია და კონტაქტებს ეპიდემიოლოგები ამ დრომდე სწავლობენ. პაციენტის შვილს, მედიკოსს ანალიზი უკვე აუღეს და პასუხებს ელოდებიან. სასწრაფო დახმარების ჯგუფი კი თვითიზოლაციაშია.

პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მედიკოსებთან ერთად დღეს ორი ახალი ინფიცირებული პაციენტი გადაიყვანეს. ისინი მარნეული-ბოლნისის კლასტერიდან არიან. 55 წლის ქალი და გარდაცვლილი ქალის მეუღლე, 80 წლის კაცი. ამავე კლინიკაში რჩება მათი 23 წლის შვილიშვილი. ექიმები ვარაუდობენ, რომ ახალგაზრდამ ვირუსი მარტივად გადაიტანა, თუმცა მას ლაბორატორიული კვლევები ესაჭიროება. ისევ მძიმეა 42 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, სტაბილურია ორი ფეხმძიმე ქალისა და 13 წლის ბავშვის ჯანმრთელობა.

დღეს გაიზარდა ეროვნული ბანკის საცავის ინფიცირებული თანამშრომლების რაოდენობაც. ამ ეტაპზე 16 პირია ინფიცირებული. 

დღეს დილით დადასტურებული 14 შემთხვევიდან 5 ინფექციურ საავადმყოფოშია. ექიმების ინფორმაციით, COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების 60 %-ს პნევმონია აქვს, თუმცა კრიტიკულია 1 პაციენტის მდგომარეობა.

დღეს 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა ბოჭორიშვილის კლინიკაშიც, სადაც 10 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. მათგან 6 ბავშვია, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. 

დღეს 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს ბათუმის კლინიკას, ასევე 3 ახალი დადასტურებული შემთხვევაა სამედიცინო დაწესებულებაში.

სტაბილურია იმერეთსა და ქუთაისში ინფიცირებული პაციენტების მდგომარეობაც. ზუგდიდის ინფექციურში კი 2 პაციენტი რჩება. საშუალო სიმძიმისაა 67 წლის კაცის ჯანმრთელობა. სტაბილურია აფხაზეთიდან გადმოყვანილი შუახნის ქალის მდგომარეობა. მკურნალობას ექვემდებარება გორის ჰოსპიტალში ინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობაც. 

დღის ამბები