24 აპრილი 2024,   09:43
ვრცლად
COVID-19 და მსოფლიო - უკიდურესად რთული ვითარება ევროპის კონტინენტზე და ციფრები, რომლებიც მუდმივად იზრდება

კორონავირუსის ეპიცენტრს, საიდანაც COVID-19-ის ინფექცია მთელს მსოფლიოში გავრცელდა, მედიკოსები ტოვებენ. ქალაქი უხანი ცხოვრების ჩვეულ რიტმს ეტაპობრივად უბრუნდება. მთავრობის გადაწყვეტილებით, ჰუბეის პროვინციაში საკარანტინო რეჟიმი ოთხშაბათს დასრულდება.  

ჩინეთისგან განსხვავებით, ვითარება უკიდურესად მძიმეა ევროპის კონტინენტზე. იტალია კორონავირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკით პირველია, COVID-19-მა ქვეყანაში 16 000 ადამიანი იმსხვერპლა. ინფიცირებისა და ფატალური შემთხვევების მიხედვით, მეორე ადგილზე ესპანეთია, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა 135 000-ს მიაღწია. სწრაფი ტემპით იზრდება დაავადების შემთხვევები გერმანიასა და საფრანგეთშიც.

ინფიცირების შემთხვევები იზრდება დიდ ბრიტანეთშიც, სადაც 52 000 ინფიცირებულს შორის ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიცაა. მთავრობის ხელმძღვანელი ტემპერატურის მატების გამო კლინიკაში მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. დღეს ბრიტანელებს საგანგებო განცხადებით მიმართა დედოფალმა ელისაბედმა. ეს 68 წლიანი მმართველობის პერიოდში დედოფლის მეხუთე სპეციალური მიმართვაა. ელისაბედ მეორემ მადლობა გადაუხადა ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანს, მოხალისეებს და თითოეულ ბრიტანელს, რომელიც სახლში რჩება და ვირუსის გავრცელებას ხელს უშლის.

339 000-ს აჭარბებს COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაზე მძიმე ვითარება ნიუ-ჯერსის და ნიუ-იორკის შტატებშია. ორივე შტატი კვლავ წითელ ზონად რჩება. დონალდ ტრამპი ამერიკელებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

სტატისტიკა მზარდია საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. აზერბაიჯანში ვირუსით ინფიცირების 700-მდე შემთხვევაა გამოვლენილი. სომხეთში დაავადებულთა რიცხვი 833-მდე, უკრაინაში კი, 1 319-მდე გაიზარდა. შავი ზღვის რეგიონში ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვმა        27 000-ს მიაღწია. რუსეთში COVID-19-ით ინფიცირებულების რიცხვი 6 300-ს აჭარბებს.

 

 

 

დღის ამბები