ევროპაში "კოვიდ-19"-ის შემთხვევების რიცხვი ისევ მატულობს. ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყანაში რეკორდული მაჩვენებელია.
636-ით მოიმატა დაღუპულთა რაოდენობამ იტალიაში. ქვეყანაში ინფიცირების 3,600-მდე ახალი ფაქტი გამოვლინდა.
ესპანეთში კი, ბოლო ერთ დღეში ვირუსს 700 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა.
მონაცემები იზრდება ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა.
ინფიცირებისა და ლეტალობის რიცხვი შემცირებულია სამხრეთ კორეასა და ჩინეთში.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კორონავირუსის გართულებული სიმპტომებით ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია გადაყვანილი. ბორის ჯონსონის მდგომარეობას მსოფლიოს ლიდერები ეხმაურებიან და მას გამოჯანმრთელებას უსურვებენ.
კრიზისის პერიოდში ეკონომიკის სტიმულირებისთვის იაპონიამ ერთ ტრილიონიანი გეგმა შეიმუშავა.
ისრაელი პასექის დღესასწაულთან დაკავშირებით 3 დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით სრულ კარანტინს აცხადებს.
რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 30 ათასს გადააჭარბა. ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით, "კოვიდ-19"-ის მქონე პაციენტებისთვის ათათურქის სახელობის ყოფილი აეროპორტის ადგილზე საავადმყოფო მოეწყობა. სომხეთში ვირუსს 8, აზერბაიჯანში 7, რუსეთში კი 47 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.