18 აპრილი 2024,   21:10
ვრცლად
ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც აფხაზეთი ისე ცხინვალი მომატებული რისკის ზონაა - ქეთევან ციხელაშვილი

სახელმწიფო მინისტრის ქეთევან ციხელაშვილის ინფორმაციით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე სხვადასხვა სამედიცინო საჭიროებების გამო 50-ზე მეტი ადამიანია გადმოყვანილი. მათ შორის, რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევა კორონავირუსს ან საეჭვო სიმპტომებს არ უკავშირდება - განმარტა სახელმწიფო მინისტრმა "დღის კურიერის" ეთერში. 

"მე საერთო მონაცემებს გეტყვით, 50-ზე მეტი ადამიანია, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები არიან. მათში შედის სხვა სამედიცინო საჭიროებისთვის ტრანსპორტირებული ადამიანი და ეს რეგულარულად ხდება.

აფხაზეთის მიმართულებიდან მაქვს ახლა საუბარი. ასევე ის ადამიანები, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან, ისევ აფხაზეთზე ვსაუბრობ, გადმოვიდნენ და არიან საკარანტინო სივრცეში, მათ შორის იმ პირის ოჯახის წევრები, რომელსაც დაუდგინდა კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ და ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, საერთო ჯამში ესეთი სურათი გვაქვს.

სხვა პირებს, რომლებსაც ჩაუტარდათ ამ დღეებში საეჭვო სიმპტომებზე, კერძოდ გალის რაიონის მცხოვრებლებს ტესტები, დადებითი პასუხი არ დაუდასტურდათ. ისევ მომატებული რისკის ზონაა ოკუპირებული ტერიტორიები, როგორც აფხაზეთი, ისე ცხინვალი,"- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დეტალურად საუბრობს, ვის უნდა დაუკავშირდნენ მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე იმყოფებიან და სურთ სამედიცინო დახმარების მიღება საქართველოს  ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელწმიფო მინისტრის თქმით, ქართველი ექიმები და ეპიდემიოლოგები მზად არიან, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს კონსულტაცია გაუწიონ.

"იმედს გამოვთქვამ, რომ არ იქნება რთული მდგომარეობა კოვიდის გავრცელების თვალსაზრისით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მსურველთა რიცხვი, ვისაც კონსულტაცია მაინც დასჭირდება, გაიზრდება და რა თქმა უნდა, ჩვენი ოპერატორები, ისევე როგორც ეპიდემიოლოგები, არიან მზად ასეთი დახმარება გაუწიონ," - აცხადებს ქეთევან ციხელაშვილი.

სახელმწიფო მინისტრი რუხის კლინიკის შესახებაც საუბრობს. მისი თქმით, კლინიკა, როგორც ადგილობრივ მცხოვრებლებს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებს მოემსახურება.

"ძალიან ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა ამ პერიოდის განმავლობაში მომზადება, ფაქტობრივად მზად არის რუხის კლინიკა, ჯერ საკარანტინო სივრცედ და მერე უკვე პაციენტების მართვის სივრცედ, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ცენტრია, ადგილზე მცხოვრებლებს მოემსახურება, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ პირებს," - განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ქეთევან ციხელაშვილი დადებითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საჭიროებიდან გამომდინარე, პაციენტების გადმოყვანა ხერხდება. 

დღის ამბები