ხარების სადღესასწაულო წირვა ახალციხის საკათედრო ტაძარში მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. დისტანციურად მონიშნული ადგილები, ფულის დეზინფექცირება, ხმის გამაძლიერებლები ეზოში, სადეზინფექციო ხსნარები და ეზოში ჩატარებული წირვა/ლოცვა - ეს უკვე მართლმადიდებლური ტაძრების რეალობად იქცა. წირვის დასასრულს, მეუფე თეოდორე მრევლს ხარების მნიშვნელობაზე ესაუბრა და კორონავირუსის შესახებ მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა რეგულაციების დაცვისკენ.
"ისიც ცდება, ვინც ამბობს, რომ ტაძარში სიარულით ვირუსი არ გადაედება და ისიც, ვინც ფიქრობს, რომ თუ ტაძარში არ მივა თავს დაიცავს ვირუსისგან. ტაძარში ჩვენ დავდივართ იმიტომ, რომ უფალს მივეახლოთ და არა იმის გამო, რომ თავი დავიცვათ სხვადასხვა სნეულებისგან ან განსაცდელებისგან. ადამიანი არ დასნეულდება მხოლოდ ზიარების დროს, სხვა შემთხვევაში შეიძლება გადაედოს, მაგრამ ამ განსაცდელსაც გადავიტანთ, მთავარია უღმერთობამ არ გვძლიოს," - აღნიშნა მეუფე თეოდორემ.
მიტროპოლიტმა თეოდორემ მრევლს კიდევ ერთხელ მოუწოდა ექიმების რეკომენდაციის სრულად დაცვისა და სინოდის წევრთა კურთხევის შესრულებისკენ. ეპარქიის მღვდელმთავარმა "კურიერთან" ისიც განმარტა, თუ ვის შეიძლება დაეკისროს აღდგომის წირვის დასწრებისას პასუხისმგებლობა.
"მართალია ეკლესიის თავი პატრიარქია, მაგრამ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებას თითოეული ჩვენგანი ვიღებთ. პასუხისმგებლობა დაეკისრება თითოეულ ადამიანს - მღვდელმსახურს, სტიქაროსანს, მგალობელს, ტაძარში მოსულ ეკლესიის თითოეულ წევრს," - განაცხადა მეუფე თეოდორემ.