20 აპრილი 2024,   11:31
ვრცლად
კურიერისთვის" ცნობილი გახდა იმ დაპირისპირების დეტალები, რომელიც სოფელ დარკვეთში მოხდა

"ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობასა და "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, სპეცოპერაციის შედეგად პოლიციამ ჭიათურის რაიონის სოფელ დარკვეთში 2 პირი დააკავა. 

"კურიერისთვის" ცნობილი გახდა იმ დაპირისპირების დეტალები, რომელიც სოფელ დარკვეთში მოხდა. საქმე უკავშირდება მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს -ს წარმომადგენელს, რომელსაც აიძულებდნენ საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას. როგორც ცნობილია, სავარაუდო დამნაშავეებს ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის განაწილება კრიმინალური ავტორიტეტებისთვის სურდათ.

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალური ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

უწყების ცნობით, 1973 წელს დაბადებული ჯ.ი-ს და 1986 წელს დაბადებული გ.წ-ს ბრალი "ქურდულ შეკრებაში" მონაწილეობასა და"ქურდული სამყაროს" წევრობაში ედებათ, აღნიშნული ბრალი კი 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს მობილური ტელეფონები და კომპიუტერული ტექნიკა, რომელთა მეშვეობითაც ბრალდებულები დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს უკავშირდებოდნენ.

ცნობილი გახდა, რომ ამავე საქმეზე ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელიც დააკავეს.

"მ.ბ.-ს ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს,"- ნათქვამია უწყების განცხადებაში. 

ადგილობრივების ნაწილი აცხადებს, რომ სროლის და დაპირისპირების ხმა მოესმათ, თუმცა ამაზე ხმამაღლა საუბარი არ სურთ.

დღის ამბები