20 აპრილი 2024,   07:13
ვრცლად
მთავრობა კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ მოსახლეობა არ გახდეს ავად, ექიმები კი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე იყოს დაცული - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის თქმით, ის მაჩვენებლები, რომლებიც საქართველოს კორონავირუსთან მიმართებით აქვს, არის საქართველოს ხელისუფლებისა და სამედიცინო სექტორის ეფექტური მუშაობის შედეგი.  თენგიზ ცერცვაძის თქმით, მთელი ვერტიკალი გამართულად მუშაობდა დაწყებული ეპიდემიოლოგებიდან, დამთავრებული ქვეყნის პრემიერით:

"ეს განაპირობა სახელმწიფო ვერტიკალის ძალიან გამართულმა, საათივით აწყობილმა მოქმედებამ. მხედველობაში მაქვს დაწყებული ეპიდემიოლოგით და ექიმით, გაგრძელებული დაავადებათა კონტროლის ცენტრით, ჯანდაცვის სამინისტროთი და საქართველოს მთავრობით და პირადად პრემიერ-მინისტრით, ბატონი გახარიათი. რომელმაც 2-3კვირის წინ თავის ხელში აიღო მმართველობა ამ პრეკრიზისული სიტუაციის და მისი ინტერვენციები აღმოჩნდა უაღრესად ეფექტური. ყველა ღონისძიება ხორციელდებოდა დროულად, ადეკვატურად და ეფექტურად, რაც არ გააკეთა ან, ვერ გააკეთა ევროპის ვერც ერთმა სახელმწიფომ. სიკვდილობის მცირე რიცხვი რამ განაპირობა, როცა 1 პაციენტის გარდაცვალებაც ხდება განხილვის საგანი. ეს განაპირობა ჯანდაცვის სწორმა პოლიტიკამ და კლინიკური სექტორის მაღალმა პროფესიონალიზმმა და თავგანწირვამ.

ჩვენ ყველაზე ადრე გამოვიყენეთ ინოვაციური, სწორად შერჩეული მეთოდები მკურნალობის, რომელიც შემდგომში აღიარებული იქნა ისეთი ავტორიტეტების მიერ, როგორიცაა აშშ-ის პრეზიდენტი და აშშ-ის წამლისა და საკვების ადმინისტრაცია, და ჩვენ ამას ვხმარობდით ერთი თვის წინ, ასევე, ინოვაციური მიდგომები სიმპტომური და დამხმარე თერაპიების მიმართ.

მინდა საქართველოს მოსახლეობა დავარწმუნო, ქვეყანას ბევრ რამეში უჭირს, ჩვენი ეკონომიკა განვითარებადი ეკონომიკაა და ჩვენი ხალხი ვერ ცხოვრობს ისე, როგორც ღირსეულ სახელმწიფოს ეკადრება, მაგრამ მათთვის მთავრობა აკეთებს ყველაფერს, რაც გამოჩნდა ამ კრიზისულ სიტუაციაში. მინდა იცოდეს საქართველოს მოსახლეობამ, რომ ისინი, როგორც არც ერთი ევროპის სახელმწიფო და შესაძლოა,  არც ერთი მსოფლიოს სახელმწიფო, ისე არიან დაცული ამ ინფექციიდან. პირველ შემთხვევაში მთავრობა კისრულობს პასუხისმგებლობას, რომ ისინი არ გახდნენ ავად ამ ინფექციით და თუ მაინც გახდებიან, ექიმები ვკისრულობთ პასუხისმგებლობას, რომ მათი სიცოცხლე იყოს დაცული, გარანტირებული და ლეტალობის შემთხვევები არ გასცდეს ერთეულს,"- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები