19 აპრილი 2024,   22:14
ვრცლად
რა შედეგებს მოუტანს მსოფლიოს შეზღუდვების მოხსნა - WHO ქვეყნებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს

კორონავირუსის გამო უკრაინაში, ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. ქვეყანაში ორზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალულია. იაპონიაში 6 თვით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ამ ფონზე, ზოგიერთი სახელმწიფო მკაცრი ზომების მოხსნას გეგმავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ზომების მოხსნას ნაადრევად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ გადაწყვეტილებამ ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, ფრთხილად იყვნენ, როცა შეზღუდვების მოხსნას დაიწყებენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანა თანდათანობით შეზღუდვების მოხსნას იწყებს, მათ შორის ჩეხეთი, დანია და ავსტრია. ორგანიზაციის ინფორმაციით, შეზღუდვების ნაადრევმა გაუქმებამ, შესაძლოა, ვირუსის ახალი ტალღა გაავრცელოს.

"ეს იგივეა, როცა ავად ხარ და საწოლიდან ჯერ კიდევ ცუდად მყოფი ადგები და სირბილს დაიწყებ. ასეთ დროს შესაძლოა დაავადება გაგირთულდეს"-განაცხადა ორგანიზაციის პრესსპიკერმა, კრისტიან ლინდმეიერმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პოზიციას იზიარებენ გერმანიაშიც, სადაც ინფიცირების შემთხვევები 103 ათასს, დაღუპულების კი ათასს გასცდა.

"ჯერ ადრეა ინფიცირების შემთხვევების კლებაზე ვისუბროთ. ასევე ქვეყანაში მიღებული ზომების შემსუბუქებაზე. ვაკვირდებით სტატისტიკას და იმედს ვიტოვებთ რომ დინამიკა დარეგულირდება. საავადმყოფოების უმეტესობამ შეძლო სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის გაზრდა. ეს იმას ნიშნავს რომ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს გადავარჩენთ,"- განაცხადა რობერტ კოხის დაავადებათა კონტროლის ინსტიტუტის პრეზიდენტმა ლოთარ ვილერმა.

ირანის ჯანდაცვის მინისტრის სპიკერის განცხადებით, ბოლო 24 საათში ირანში კორონავირუსით ინფიცირების 2089 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც გუშინდელთან შედარებით 185-ით ნაკლები და ბოლო 14 დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კიანუშ ეჰანფურის თქმით, მიუხედავად კორონავირუსის პანდემიის გამო არსებული მძიმე სიტუაციისა, ქვეყანა არ აპირებს ითანამშრომლოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან.

"ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი 2 089-ით გაიზარდა. შედეგად, ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე, ირანში "კოვიდ-19" 62 589 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში მერვე დღეა რაც ვირუსის შემთხვევების რაოდენობა მცირდება, ბოლო 24 საათის მონაცემებით, გარდაცვლილია 133 ადამიანი, რაც წინა დღის მაჩვენებელთან შედარებით 3-ით ნაკლებია,"- განაცხადა ირანის ჯანდაცვის მინისტრის პრესსპიკერიმა იანუშ ეჰანფურიმ.

ჩინეთში კი კარანტინის რეჟიმი თანდათანობით შესუსტდა, ტურისტულ ადგილებშიც ხალხმრავლობაა. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ სოციალური დისტანცირების წესების დაცვა განაგრძონ. ინტერნეტში პროვინცია ანჰუიში, ხუანშანის ეროვნული პარკის ფოტოები გავრცელდა, რომელზეც ათასობით ადამიანი ჩანს და, შესაბამისად, სოციალური დისტანცირების დაცვაზე საუბარი ზედმეტია. ბოლო ინფორმაციით, ჩინეთში პირველი შემთხვევაა, როდესაც 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

დღის ამბები