20 აპრილი 2024,   04:00
ვრცლად
რისგან დაიცავს 60 წელს გადაცილებულ პირებს პნევმოკოკის ვაქცინა - სახელმწიფო კორონავირუსის პრევენციის ახალ მეთოდზე მუშაობს

საქართველო პრევენციული მედიცინით ახალი კორონავირუსის დამარცხების ახალ მეთოდზე მუშაობს. ევროპელ კოლეგებთან კომუნიკაციისა და სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკის მაგალითზე მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებით, შესაძლოა, რისკჯგუფში მყოფი ადამიანების აცრა დაიწყოს. ფილტვის ანთების საწინააღმდეგო ვაქცინით, პირველ ეტაპზე, 60 წელს გადაცილებულები ისარგებლებენ. აცრა, შესაძლოა, სავალდებულოც გახდეს.

რისგან დაიცავს 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს და მოწყვლად ჯგუფებს პნევმოკოკის ვაქცინა - თითქმის ყველა ქვეყნის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ პრეპარატი ზუსტად იმ ორგანოებს იცავს, რომელიც ვირუსის შემთხვევაში სუსტდება და გართულებებს იწვევს. ვაქცინის გარეშე კი, უფრო მარტივდება ორგანიზმში ვირუსის განვითარება და შემდეგ - დაავადებების გამოწვევა.

ვიდრე მეცნიერები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას შექმნიან, სპეციალისტები პნევმოკოკის აცრის დაწყებას სწორ ნაბიჯად განიხილავენ. ინფექციონისტები ფიქრობენ, რომ ვირუსის მასობრივად გავრცელების შემთხვევაში, ორგანიზმში შეყვანილი ანტისხეული ფატალურად დასრულებული შემთხვევების რიცხვს, რისკჯგუფებშიც კი, შესამჩნევად შეამცირებს.

როდის და როგორ დაიწყება აცრის პროცესი, ამ ეტაპზე ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილი არ აქვს. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ ვაქცინა ყველა ჯგუფისთვის რეკომენდებულია და ის ადამიანს პნევმოკოკისგან მთელი სიცოცხლის მანძილზე იცავს. საქართველოში ამ ტიპის აცრა ჩვილებში უკვე რამდენიმე წელია, ტარდება.

კიდევ ერთი მეთოდი, რომლითაც ექიმები კორონავირუსთან ბრძოლას გეგმავენ, ამ ვირუსით ინფიცირების შემდეგ გამოჯანმრთელებული ადამიანის სისხლით მკურნალობაა. პლაზმით მკურნალობის მეთოდი უკვე გამოყენებული აქვთ ინფიცირების ყველაზე დიდ კერებში. ჩინეთის, იტალიისა და გერმანიის შემდეგ საქართველო რეგიონში პირველი იქნება, ვინც, შესაძლოა, ვირუსთან ბრძოლის ამ მეთოდს მიმართოს. თუმცა სპეციალისტების ნაწილს მიაჩნია, რომ მსგავსი მკურნალობის დაწყებამდე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციები უნდა იქნეს გათვალისწინებული.

ვიდრე მსოფლიოში ჯერ არ არსებობს კორონავირუსის საწინააღმდეგო კონკრეტული ვაქცინა და სამკურნალო პრეპარატი, ექიმები უკვე აპრობირებული მეთოდების გამოყენებას ცდილობენ. ამის პარალელურად უალტერნატივო რეკომენდაციად რჩება სოციალური დისტანცირება და კონტაქტების მაქსიმალური შემცირება.

დღის ამბები