07 ივნისი 2020,   07:48
ვრცლად
საქართველოში 195 ინფიცირებულიდან 45 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა - რას პროგნოზირებენ სპეციალისტები პიკის პერიოდში

საქართველოში COVID 19-ით მესამე პაციენტი გარდაიცვალა. 86 წლის ქალი 2 კვირაზე მეტია ინფექციურ საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. მას ასაკიდან გამომდინარე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, რაც უფრო ართულებდა მის საერთო მდგომარეობას. პაციენტი, დაახლოებით, 20 დღე რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებოდა, თუმცა მისი ჯანმთელობის მდგომარეობა, ექიმების ინფორმაციით, სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო.

3 გარდაცვლილი, 45 გამოჯანმრთელებული და 195 დადასტურებული შემთხვევა - საქართველო ამ მონაცემებით, რეგიონსა და ევროპაში ინფიცირებულთა და დაღუპულთა რაოდენობის სიმცირით, ლიდერობას ინარჩუნებს. თუმცა, დაავადების გავრცელების  პიკი ახლოვდება და კლასტერებიც იზრდება. თენგიზ ცერცვაძის პროგნოზით, კოვიდ 19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა საქართველოში მაქსიმუმ 2 ათასი იქნება, პიკი დადგება ორ-სამ კვირაში, შენარჩუნდება 2-3 კვირა და შემდეგ დაიწყებს კლებას

ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლები იზრდება. COVID 19 თბილისში ერთი-ერთი ტაძრის სტიქაროსანს დაუდასტურდა. მისი ინფიცირების წყარო, არსებული ინფორმაციით, არა ეკლესია, არამედ ოჯახის წევრია. ტაძრის წინამძღოლი, ვისაც უშუალო შეხება ჰქონდა 16 წლის ბიჭთან, ახლა თვითიზოლაციაშია. ეკლესიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა, წირვა კი სხვა სასულიერო პირმა აღავლინა.

ტაძარში მომუშავე ადამიანების ინფორმაციით, გასულ კვირას სტიქროსანი ეკლესიაში მივიდა და სატელეფონო ზარის შემდეგ, მალევე უკან, სახლში დაბრუნდა. ჯერ ცნობილი არ არის ოჯახის ინფიცირების პირველი წყარო, თუმცა, ამავე ტაძრის მესანთლე ნინო ქინქლაძე ამბობს, რომ იმ კორპუსში, სადაც სტიქაროსანი ცხოვრობს, კიდევ ერთ ოჯახში დადასტურდა კორონავირუსი.

ინფიცირებული ოჯახის წევრები თბილისი ზღვის ჰოსპიტალიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 2 დღის წინ გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მძიმეა ხანშიშესული კაცის, სტიქაროსნის ბაბუის მდგომარეობა, რომელსაც ასაკიდან გამომდინარე, ქრონიკული დაავადებები აქვს. ოჯახის სხვა წევრების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დღეს კორონავირუსი რუსთავის საკრებულოს დეპუტატის მეორე შვილსაც დაუდასტურდა. პაციენტი ბოჭორიშვილის კლინიკაში იმყოფება. თავდაპირველად, კორონავირუსი ბავშვის ბებიას დაუდგინდა, რომელიც ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომელია. მოგვიანებით, მის ქმარს და შვილიშვილს. საერთო ჯამში, ოჯახის 5 პირია ინფიცირებული.

თბილისის გარდა ინფიცირებული პაციენტები არინ ბათუმში, ქუთაისში, საჩხერეში, ზუგდიდში და გორში. ყველა პაციენტი, ამ ეტაპზე, ექიმების ინფორმაციით, მკურნალობას ექვემდებარება.

დღის ამბები