20 აპრილი 2024,   09:11
ვრცლად
ბორის ჯონსონი კვლავ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია - მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობა 1 300 000-ს აჭარბებს

ლონდონის საუნივერსიტეტო კლინიკის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში BBC-ს კამერამ კორონავირუსით ინფიცირებული უმძიმესი დიაგნოზის მქონე პაციენტები გადაიღო. სიკვდილთან მებრძოლი პაციენტების სიცოცხლის გადასარჩენად ექიმებს 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა. მედპერსონალი ჰოსპიტალში ერთმანეთს სპეციალური ტექნიკის საშუალებით ეკონტაქტება, სამედიცინო აღჭურვილობაზე კი, კომუნიკაციის გასამარტივებლად, საკუთარი სახელები აწერიათ.

ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში კვლავ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება დიდი ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონიც, რომელსაც კორონავირუსის დიაგნოზი რამდენიმე კვირის წინ დაუდგინდა. დიდ ბრიტანეთში ინფიცირების 55 ათასზე მეტი და გარდაცვალების 6 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კოვიდ-19-ის შემთხვევების რიცხვი ისევ იზრდება ევროპაში. ბოლო 24 საათში საფრანგეთში გარდაცვალების 833 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც რეკორდული მაჩვენებელია. 636-ით მოიმატა დაღუპულთა რაოდენობამ იტალიაში. ქვეყანაში კოვიდ-19-ით თითქმის 132 ათასი ინფიცირებულია. ესპანეთში კი ბოლო ერთ დღეში, ვირუსს 700 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქვეყანაში ლაბორატორიულად დადასტურებული თითქმის 140 ათასი შემთხვევაა დაფიქსირებული.

მონაცემები იზრდება შეერთებულ შტატებშიც, სადაც გარდაცვლილთა რაოდენობამ 10 ათასს გადააჭარბა. შტატებს კოვიდ-19-ით ინფიცირებული ყველაზე მეტი, თითქმის 377 ათასი ადამიანი ჰყავს. ქვეყანაში კვლავ წითელ ზონებად ნიუ-ჯერსისა და ნიუ-იორკის შტატები რჩება

კორონავირუსის პანდემიის ფონზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია სპეციალურ რეკომენდაციებს ავრცელებს. ორგანიზაცია ქვეყნებს მოუწოდებს, გეგმაზომიერად გამოიყენონ პირბადეები და ნაადრევად არ მოხსნან გამკაცრებული ზომები.

სტატისტიკა იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. თურქეთში დაღუპულთა რიცხვმა 649-ს მიაღწია, ინფიცირებულთა რაოდენობამ კი 30 ათასს გადააჭარბა. სომხეთში ვირუსს 8, რუსეთში 58, აზერბაიჯანში კი 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. უკრაინაში ინფიცირებულთა რიცხვი 1400-ს გადასცდა. ქვეყნაში ქუჩაში დამცავი ნიღბის ტარება სავალდებულო გახდა. აიკრძალა ორზე მეტი ადამიანის შეკრება.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთვის ემზადებიან ათონის ნახევარკუნძულზე, ათონის წმინდა მთაზე კი საგანგებო რეჟიმის შემოღება მეწყერმა დააჩქარა, რომელმაც სამლოცველოებამდე მისასვლელი ერთადერთი გზა მთლიანად წაიღო. სრულ იზოლაციაში აღმოჩნდა ათობით ბერი. წმინდა მთა კორონავირუსის გამო მომლოცველებისთვის გასულ თვეს დაიკეტა, საბერძნეთის მართლმადიბლურმა ეკლესიამ კი სააღდგომო ლიტურგია 1 თვით გადადო.

დღის ამბები