24 აპრილი 2024,   14:17
ვრცლად
მომსახურე პერსონალისთვის ტემპერატურის გაზომვა და ჰიგიენური სტანდარტების დაცვა - რა შემთხვევაში იფუნქციონირებენ აგრარული ბაზრები

დღეიდან თბილისში ყველა აგრარული ბაზარი იკეტება - გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მიიღო. აგრარული ბაზრების ადმინისტრაციას, სხვა წესებთან ერთად, მოვაჭრეებისთვის ყოველ დილით ტემპერატურის გაზომვის ვალდებულება ეკისრებათ.

შეზღუდვები შეეხება კონკრეტული დაავადებების მქონე ადამიანებსა და 70 წელს გადაცილებულ პირებს.

მოვაჭრეები ახალ ნორმას ეთანხმებიან, თუმცა სურსათზე ფასის მატებას ვარაუდობენ. აგრარულ ბაზრებში დასაქმებულები სავაჭრო სივრცის დახურვამდე დახლებზე დარჩენილი პროდუქტების რეალიზაციას მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.

აგრარული ბაზრების დახურვით გამოწვეულ დისკომფორტზე აპელირებენ მომხმარებლებიც. მყიდველთა ნაწილის აზრით, ეს გადაწყვეტილება პროდუქტზე წვდომას გაართულებს, ინფექციის გავრცელების რისკები კი კვლავ მაღალი დარჩება. მომხმარებლების ნაწილი ხელისუფლებას დახურვის ნაცვლად, აგრარულ მარკეტებში უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვას ურჩევს, ნაწილი კი საზოგადოებას ბანკნოტების ჰიგიენურად დამუშავებისკენ მოუწოდებს.

სავაჭრო პროცესის შეჩერებით შესაძლო ზარალის მიუხედავად, შეზღუდვას გამართლებულად მიიჩნევენ აგრარული ბაზრების მმართველები. ისინი გადაწყვეტილებას ობიექტზე მყიდველთა ჭარბი ნაკადით და მასთან დაკავშირებული სირთულეებით ხსნიან. ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო, თუმცა არც ახალ რეგულაციას შეეწინააღმდეგებიან.

აგრარული ბაზრების ფუნქციონირების შეწყვეტიდან რამდენიმე საათში შეზღუდვის მოხსნა დაანონსდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ფუნქციონირების განახლებისთვის საჭირო კრიტერიუმები დაასახელა. ლევან დავითაშვილმა აუცილებელ პირობად აგრარული ბაზრების მიერ სურსათის ეროვნული სააგენტოს შემუშავებული სტანდარტების გათვალისწინება დაასახელა. მინისტრი იმასაც განმარტავს, რომ ჯანდაცვის რისკებიდან გამომდინარე, აგრარულ მარკეტებში არ დაიშვებიან ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები და 70 წელს გადაცილებული მოვაჭრეები.

თბილისის მერიამ აგრარული ბაზრების დახურვის გადაწყვეტილების აღსრულება დღეს, საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის მიღების შემდეგ დაიწყო. დედაქალაქის მასშტაბით მოქმედი აგრარული ბაზრები კოვიდ-19-ის ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, დროებით დაიხურა.

ავტორი: სოფო ჭუმბურიძე

დღის ამბები