16 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
დაცულია თუ არა საკარანტინო სივრცეებში ადამიანის უფლებები - ომბუდსმენი მონიტორინგს იწყებს

სახალხო დამცველის აპარატი საკარანტინო სივრცეებში არსებული პირობების შესწავლას იწყებს. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად.

საქართველოში ჩამოფრენილი ყოველი ახალი რეისის შემდეგ, საკარანტინო სივრცედ განსაზღვრული სასტუმროების ნომრები ნელნელა მგზავრებით ივსება. პრევენციული ზომა, რომელიც უცხო ქვეყნებიდან ჩამოფრენილების განცალკევებას გულისხმობს, ყველასთვის საერთოა. საკარანტინო ზონებში სამედიცინო შემოწმება და ზოგადი მეთვალყურეობა მიმდინარეობს.

ომბუდსმენის ოფისი საკარანტინო ზონების შემოწმებისთვის ემზადება. კერძოდ აინტერესებთ: რამდენად დაცულია ამ სივრცეებში ადამიანის უფლებები და მათი ღირსება, რადგან, მართალია, ეს ყველაფერი საზოგადოებრივი და კანონიერი ინტერესიდან გამომდინარეობს, თუმცა, საქმე ნებისმიერ შემთხვევაში, თავისუფლების შეზღუდვის ფორმასთან გვაქვს, რასაც მონიტორინგი სჭირდება. ეს საქმე ომბუდსმენის ოფისის პრევენციის ეროვნულ მექანიზმს დაევალა. უკვე შემუშავებულია სპეციალური ანკეტა კარანტინში მყოფებისთვის.

სახალხო დამცველის ოფისში არ აკონკრეტებენ, შევიდა თუ არა ოფისში ხარვეზებთან დაკავშირებული ინფორმაცია და გახდა თუ არა ეს ინიციატივის საფუძველი. ინიციატივას საერთაშორისო რეკომენდაციებით ხსნიან. თუმცა, ხარვეზების პოვნა დიდი სირთულე სავარაუდოდ არ გახდება, რადგან არსებობენ ადამიანები, რომლებსაც კარანტინში ყოფნის ცუდი გამოცდილება დაუგროვდათ და ამაზე საჯაროდაც დაწერეს. ასეთია, მაგალითად, გიორგი სინაურიძე. მომავალი ექიმი, რომელიც ესპანეთიდან 13 მარტს ჩამოფრინდა და კარანტინში ყოფნა განმეორებით მოუწია, იმ ხარვეზებზე ყვება, რაც, მისი თქმით,  სერიოზულ პრობლემებს ქმნის. ამის გამო, ის სოციალურ ქსელში აგრესიის სამიზნე გახდა.

აჭარის ჯანდაცვის უწყებაში განმარტავენ, რომ რეგიონის 25-ივე საკარანტინო სივრცეში სამედიცინო სერვისებზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის სამინისტროა, სერვისების ნაწილზე კი პასუხს სასტუმროების ადმინისტრაციები აგებენ. ნინო ნიჟარაძის თქმით, ამ დროის მანძილზე, არაერთი საჭიროება გამოიკვეთა, განსაკუთრებით კი ქრონიკული დაავადებების მქონდე ადამიანებისთვის, ონკოლოგიური პაციენტებისთვის თუ მეტადონის პროგრამაში მყოფთათვის.

სახალხო დამცველის ოფისში უკვე ამუშავებულია ცხელი ხაზი, რომელზეც საკარანტინო ზონებში ადამიანის უფლებრივ მდგომარეობაზე ინფორმაციას ელოდებიან. ომბუდსმენი კონფიდენციალურობის გარანტიას იძლევა, თუ, რა თქმა უნდა, ინდივიდუალურ შემთხვევების გასაჯაროვებას თავად პირი არ მოისურვებს.

დღის ამბები