გერმანიის ქალაქ ჰანოვერში საქართველოდან ჩატანილ პომიდვრისა და კიტრის ნერგებს ყიდიან. თითო ქოთნის საწყისი ფასი 20 ევროა, შემოსული თანხა კი მთლიანად გადაირიცხება საქართველოში კორონავირუსით დაზარალებულთა ფონდში.
იდეის ავტორი ჰანოვერში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, გოჩა ლაგვილავაა. მისი თქმით, ამ დროისთვის უკვე 1300 ევროა შეგროვებული.
"წელს პირველად საქართველოდან ჩამომივიდა კიტრისა და პომიდვრის თესლები და გაჩნდა იდეა, რომ ამ ნერგების სახით გავაკეთოთ საქველმოქმედო აქცია ჰანოვერის ქართულ სათვისტომოსთან ერთად. ჰანოვერში მცხოვრებმა ქართველებმა ეს იდეა ძალიან მალე აითვისეს. აქცია დავიწყეთ სამი დღეა და ამ დროისთვის 1300 ევრომდეა შეგროვებული და აქციას შაბათის ბოლომდე ვგეგმავთ, შესაბამისად, ველოდებით კიდევ უფრო მეტ გამოხმაურებას,“ - განაცხადა გოჩა ლაგვილავამ.