20 აპრილი 2024,   13:45
ვრცლად
ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულები არიან, რომ ვირუსთან გამკლავების შემდეგ სწრაფად დავუბრუნდებით ნორმალურ ვითარებას - ცქიტიშვილი

ძალიან შთამბეჭდავი და საყურადღებო იყო ის ერთიანი მხარდაჭერა, რომელიც ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა დღეს თავიანთი ერთობლივი განცხადებით გამოხატეს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, განცხადებაში მნიშვნელოვანი აქცენტები იყო გაკეთებული, მათ შორის, ხაზი იყო გასმული იმ სტრუქტურული რეფორმის წარმატებაზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა წლების განმავლობაში მათთან ერთად ახორციელებდა.

"ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და ამ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს განვითარების პარტნიორებს ვეძახდით, რადგან ჩვენ ყოველთვის აქტიური თანამშრომლობა გვქონდა მათთან და ისინი არა მხოლოდ სესხის გამცემ ორგანიზაციებად გვევლინებოდნენ, არამედ გვეხმარებოდნენ ჩვენს მიერ ინიცირებული ყველა მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებაში.

ძალიან შთამბეჭდავი და საყურადღებო იყო ის ერთიანი მხარდაჭერა, რომელიც მათ გამოხატეს თავიანთი ერთობლივი განცხადებით დღეს. ამ განცხადებაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები ჰქონდათ მათ გაკეთებული. პირველ რიგში, ხაზი იყო გასმული იმ სტრუქტურული რეფორმის წარმატებაზე, რომელსაც წლების განმავლობაში მათთან ერთად ვახორციელებდით. გარდა ამისა, არაერთი ნაბიჯი იქნა გადადგმული ჩვენი მთავრობის და საფინანსო სექტორის მხრიდან, რომ ჩვენ უფრო მზად ვყოფილიყავით ნებისმიერი გარე შოკის პირობებში და სწორედ ჩვენი დონორების და საერთაშორისო პარტნიორების დღევანდელი შეფასებაც იყო მიმართული ამაზე, რომ ის პოლიტიკა, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ წინა წლებში - რეზერვების დაგროვება, მიმდინარე ანგარიშის ბალანსის გაუმჯობესება, ყველა ამ ღონისძიებამ მოგვცა საშუალება, უფრო მზად შევხვედროდით ამ კრიზისს, ვიდრე ეს იქნებოდა რამდენიმე წლის წინ.

რადგანაც ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულები არიან ჩვენი ეკონომიკის სიჯანსაღეში, ასევე იმ მიდგომებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კრიზისთან გამკლავების პერიოდში ახდენს, ჩვენი პარტნიორები დარწმუნებულები არიან იმაში, რომ ჩვენ ძალიან სწრაფად შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ვითარებას, მას შემდეგ, რაც ვირუსს გავუმკლავდებით და იციან, რომ ჩვენი მხარდაჭერა იქნება გამართლებული, არ იქნება დაკარგული და ფუჭი. იციან, რომ ჩვენ ვართ სანდო და საიმედო პარტნიორები და ამ მიმართულებითაც მათი მზაობა, რომ გაგვიწიონ დახმარება ამ პერიოდში, არის ძალიან დასაფასებელი და მათ შორის დემონსტრირებაა იმისა, რომ ჩვენ წარმატებული გზა გავიარეთ მათთან ერთად და წინ ერთობლივი გზა გვაქვს გასავლელი“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისი თქმით, გუშინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ ონლაინკონფერენციაზე, აზიის განვითარების ბანკისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტებთან, ასევე მსოფლიო ბანკის წარმომადგენელთან, საუბრებში გამოხატული იყო ის სულისკვეთება, რაც დღეს საერთაშორისო პარტნიორების მიერ გაკეთებულ განცხადებაში.

 

დღის ამბები