16 აპრილი 2024,   17:51
ვრცლად
53 წლის მამაკაცი ლენტეხიდან, რომელიც ასობით ადამიანისთვის საფრთხე გახდა - რეგიონში უსაფრთხოების ზომები მკაცრდება 

საქართველოში ახალი ვირუსის დაფიქსირებიდან 44 დღის შემდეგ, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა სვანეთშიც გამოვლინდა. ვირუსის გავრცელებისა და ეპიდემიის აფეთქების მაღალ რისკჯგუფს ახლა უკვე ლენტეხის რაიონის სოფელ მელეშის მცხოვრებლები წარმოადგენენ. ინფიცირებულს ყველაზე მჭიდრო კონტაქტი სწორედ ამ სოფლის მკვიდრებთან ჰქონდა.


ეპიდემიოლოგების ლენტეხში ჩასვლის მიზეზი ის მამაკაცი გახდა, რომელსაც კორონავირუსი საკუთარი დისგან გადაედო. ახალგაზრდა ქალი კი, თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. მისი მეუღლე ეროვნული ბანკის საცავის თანამშრომელია. ინფიცირებული მამაკაცი ლენტეხიდან უკვე თბილისში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადმოყვანილი, მისი ოჯახის წევრები კი ადგილობრივად, "ცხელების ცენტრში" მკურნალობენ.

საკმაოდ მაღალია იმ ადამიანთა რაოდენობა, რომელთანაც ინფიცირებულს კონტაქტი ბოლო დღეების მანძილზე ჰქონდა. 53 წლის მამაკაცის შემხებლობა მხოლოდ ცაგერში - 18 პირთან დადასტურდა, ხოლო ლენტეხში - კონტაქტების რაოდენობამ 50-ს გადააჭარბა. ერთ-ერთი ადგილი, სადაც ინფიცირებული იმყოფებოდა, ერთ-ერთ ოჯახში საკმაოდ ხალხმრავალი თავყრილობა იყო. მამაკაცი ნამყოფია ცაგერის ყველაზე დიდ მაღაზიაშიც, რომლითაც თითქმის მთელი რაიონი სარგებლობს.

უახლოეს საათებში შეიძლება გაიზარდოს იმ რაიონების ჩამონათვალი, რომლებიც პრევენციის გამო იკეტება და სადაც კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში ვითარება მძიმდება. უკვე გადაწყვეტილია რეგიონში უსაფრთხოების ზომების გამკაცრების საკითხი. ვირუსთან გამკლავების თემაზე გამართულ საგანგებო სხდომაზე რამდენიმე ბლოკ-პოსტის მოწყობისა და თერმოსკრინინგის დაწყების გადაწყვეტილება უკვე მიიღეს.

ლენტეხში საგანგებო პირობების კიდევ უფრო გამკაცრების გადაწყვეტილების საკითხზე ცენტრალური ხელისუფლება მსჯელობს. სპეციალურად კორონავირუსთან ბრძოლისთვის შექმნილი საკოორდინაციო საბჭო დადგენილებას საბოლოო ტესტირებების შედეგების შესაბამისად მიიღებს. პრემიერ-მინისტრი ზომების გამკაცრების გადაწყვეტილებას მთელი ქვეყნის მასშტაბითაც ვარაუდობს.

დარჩი სახლში - კორონავირუსთან ბრძოლის ერთ-ერთ მთავარ რეკომენდაციას კვლავ ერთმანეთისგან დისტანცირება წარმოადგენს. 53 წლის მამაკაცი მაგალითია იმისა, რომ ერთი პირი შესაძლოა საფრთხე გახდეს ასობით ადამიანისთვის, ან სოციალური დისტანცირებით გადაარჩინოს ათასები.

დღის ამბები