20 აპრილი 2024,   13:55
ვრცლად
ცაგერსა და ლენტეხში 3 გამშვები პუნქტი მოეწყო - COVID 19-ის კვლევაზე 11 ადამიანის ნიმუშია გადაგზავნილი

ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შერჩეულია სამი ადგილი - ეს არის ცაგერის შესასვლელი, რომელიც ცნობილია, როგორც ე.წ. გელავერის უღელტეხილი. მეორე ლოკაცია არის მურის ხიდთან, აქ გაკონტროლდება ლენტეხში მიმავალი გზა და, ასევე, საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყობა ცაგერის რაიონის სოფელ ალპანაში.

განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც. უწყება განმარტავს, რომ მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, 24 საათიან რეჟიმში ადგილზე განხორციელდება არსებული შეზღუდვების კონტროლი. გამშვებ პუნქტებზე შემოწმდება ავტომობილები, ხოლო მოსახლეობას ჩაუტარდება თერმოსკრინინგი.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მირზა ქირია აცხადებს, რომ რეგიონში თერმოსკრინინგის შედეგად 5 ადამიანს დაუფიქსირდა მაღალი ტემპერატურა, ხოლო COVID 19-ის ინფექციის კვლევაზე 11 ადამიანის ნიმუშია გადაგზავნილი. 

"თერმოსკრინიგის შედეგად გამოვლინდა, რომ 5 პიროვნებას ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. სულ აღებულია 11 ნიმუში და გაგზავნილია კვლევაზე. პასუხები დღის ბოლომდე გვეცოდინება. პირველადი კონტაქტი ​ლენტეხსა და ცაგერში, ჯამში 50-მდე დასტურდება. ყველა პირი აყვანილია მკაცრ კონტროლზე და თვითიზოლაციაში იმყოფებიან. ყველა კონტაქტი კონტროლდება. ყველაფერი გაკეთდა, დროულად მოხდა რეაგირება. დაფიქსირდა თუ არა ვირუსი, იმ წუთშივე ჩაერთვნენ შესაბამისი სამსახურები. გამომდინარე აქედან, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება,"- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

"კურიერი" გაესაუბრა ადგილობრივებსაც, რომლებიც ამბობენ, რომ რეკომენდაციებს მაქსიმალურად ასრულებენ და სახლში რჩებიან.

დღის ამბები